თუ ადრე საზოგადოების დაკვეთა იყო ქეიფი ტივსა და დუქანში, დღეს მომხმარებელს სურს, რესტორანი არა მხოლოდ საქეიფო, არამედ დასასვენებელ ადგილადაც იქცეს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო "კომერსანტის " ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით,
ლეგენდარული ქართული სუფრა, რომელიც დროის ნატიფად ტარებას გულისხმობს და არა - ღრეობას, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლბეში.
ბურჯანაძის ინფორმაციით, სარესტორნო სფეროში კონკურენცია ყოველწლიურად იზრდება.
,,ჩვენი სფერო ზუსტად კონკურენციიდან გამომდინარე განვითარდა და დიახ, რაც დღეს ჩვენს ბაზარზე ხდება, საზოგადოების დაკვეთა გახლავთ. ინტერიერი, ექსტერიერი, სერვისი, კვება, მუსიკა - ეს ყველაფერი ერთიანად მომხმარებლის დაკვეთას წარმოადგენს. თუ ადრე საზოგადოების დაკვეთა იყო ქეიფი, დროის გატარება ტივსა და დუქანში, შემდეგ კი გადაინაცვლა საბანკეტო დარბაზებზე, ახლა მომხმარებელს სურს, რესტორანი არა მხოლოდ საქეიფო, არამედ დასასვენებელ ადგილადაც იქცეს. გართობა არ ნიშნავს მხოლოდ დალევას, ცეკვასა და სიმღერას. გართობაა ისიც, როცა ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნო გარემოში ატარებ.
მოკლედ, ლეგენდარული ქართული სუფრა, რომელიც გულისხმობს დროის ნატიფად ტარებას და არა - ღრეობას, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება",- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ამის მიუხედავად, ბურჯანაძე ამბობს, რომ ინოვაციურობის თვალსაზრისით სარესტორნო სფეროში საკმაოდ პრობლემური ვითარებაა, რისი მთავარი მიზეზიც ობიექტის მეპატრონეების მხრიდან თანხების დაზოგვაა.
,,ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვერ ვვითარდებით. შეიძლება, ითქვას, რომ ახალი სისტემების დანერგვაში ჩვენთან ცოტა რთული სიტუაცია გვაქვს. ხშირ შემთხვევაში, ოპერატორს ზედმეტ ხარჯად მიაჩნია ახალი მიმართულებების დანერგვა. რაც შეეხება ჩვენს გასტრონომიულ რეალობას, მის მოდერნიზებას. ნამდვილად ვხედავთ. საბედნიეროდ, საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი მომხმარებლებიც გვყავს და შესაბამისად, მათი დაკვეთა არ არის მხოლოდ კერძების ტრადიციული სახით მიწოდება, კერძს თან უნდა ახლდეს ესთეტიკური სიამოვნებაც",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.