ქვეყანაში პანდემიის შემდგომ პერიოდში ფიტნეს-მომსახურების ბაზარი მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა და ზრდას განაგრძობს. თუმცა სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით - გადასახადების ზრდის კუთხით, რაც ამ სფეროზე მასობრივ ხელმისაწვდომობას ზღუდავს. ამიტომ სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის მსგავსად, მათზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა მოქმდებდეს, რადგან საუბარია დარგზე, რომელსაც მოსახლეობაში დაავადებების პრევენცია შეუძლია. ეს კი გართულებული შემთხვევების შემცირებას და მომავალში ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირებას უკავშირდება.
საკითხზე ჟურნალთან „ბიზნესი და მენეჯმენტი“ საუბრობს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქსელის, „სნეპ ფიტნესის“ დირექტორი სოფო სოლოღაშვილი. მისი თქმით, ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვა სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება პრიორიტეტული, რაც მოთხოვნაზეც აისახება.
„ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ ტერმინი „ტრენდული“ უკვე უხეშადაც ჟღერს, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ეს ინდივიდების მოთხოვნილება და მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ადამიანებმა უკვე ბევრი რამ ისწავლეს ამ კუთხით - იციან, რა არის პირადად მათთვის მნიშვნელოვანი - ყველასთვის არაა სიმძიმეები, ზოგს იოგა სჭირდება, ზოგს კარდიო ვარჯიშები, ზოგს პილატესი და ა.შ. ცნობიერება შეიცვალა. ბევრი დარბაზი გაიხსნა და კონკურენციის ზრდამაც თამასა ასწია. ბევრი რამ შეცვალა კოვიდმა - ჩვენ გვეგონა, რომ პანდემიის შემდეგ ადამიანები ისევ სახლებში გააგრძელებდნენ ვარჯიშს, მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა - დარბაზებში
გადაინაცვლეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფიტნეს-ცენტრებს კოვიდამდე არ სტუმრობდნენ. გარდა ამისა, კოვიდის შემდეგ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგალითად, თუ ადრე სპორტ-დარბაზებში, ძირითადად წონის დასაკლებად ან სხეულის რომელიმე ნაწილის ფორმის გასაუმჯობესებლად დადიოდნენ,
ახლა დარბაზებში ადამიანები იმისთვის დადიან, რომ მეტად ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. სხვადასხვა სპეციალობის ექიმები - კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვები - პაციენტებს ვარჯიშს როგორც სამკურნალო საშუალებას, ისე უნიშნავენ. შესაძლოა, ადამიანი სპორტდარბაზში არ დადიოდეს და არც
ვარჯიშობდეს და მაგალითად, მხოლოდ სეირნობდეს. ესეც ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ასე რომ, მოთხოვნა ძალიან იზრდება და, შესაბამისად, ახალი ცენტრებიც ჩნდება,“ - აცხადებს იმ ქსელის დირექტორი, რომელსაც წელს საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 10 წელი უსრულდება.
რაც შეეხება იმას, რამდენად მიმზიდველია ეს სექტორი საინვესტიციოდ, სოფო სოლოღაშვილის თქმით, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ბიზნესი ძალიან მიმზიდველია, თუმცა ბევრ ინვესტიციასაც მოითხოვს.