თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, რომელიც ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხანას მოიცავს გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, ამასთან, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედნის მონუმენტს შორის, ფონდმა „ქართუმ“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება გასული წლის ბოლოს დააანონსა. დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69“ იყო, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“. სწორედ შპს „კოსტავას 69“ წარადუდგინა მუნიციპალიტეტს ცათამბჯენების პროექტი. თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა.
გასულ დღეებში „ნეო სითი დეველოპმენტმა“ შეიძინა იპოდრომთან მდებარე საკმაოდ დიდი ფართობის უძრავი ქონებაც.
უცნობია გეგმავს თუ არა კომპანია ცათამბჯენების პროექტი განავითაროს. თუმცა ამ დრომდე გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეო სითი დეველოპმენტი“ აცხადებს, რომ „ლაგუნა ვერეს“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება
„ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტშია დაფუძნებული. „ნეო სითი დეველოპმენტის“ დირექტორი ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
მარიკა ვერულაშვილის ჟურნალისტური და პოლიტიკური ბიოგრაფია ასე გამოიყურება.
1994-1997 წლებში მუშაობდა „პირველი არხის“ პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
2001 წელს დაიწყო მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. ვერულაშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში გადავიდა.