კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტმა“ „ლაგუნა ვერეს“ გარდა ე.წ აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, ასევე იპოდრომთან არსებული მიწის ნაკვეთიც.
უძრავ ნივთზე უფლების სარეგისტრაციო წარმოება 7აგვისტოს დაიწყო და დღეს 11 აგვისტოს დასრულდა.
ამ დროისთვის „ნიუ სითი დეველოპმენტის“ სახელზე თბილისის ცენტრში 5 უძრავი ქონება ფიქსირდება. 3 უძრავი ქონება ე.წ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე კოსტავას 69 ნომერში, საკადასტრო კოდებით (01.15.03.004.041 (998 კვ.მ); 01.15.03.004.042 (338 კვ.მ); და 01.15.03.004.043 (197კვ.მ)) , მეოთხე - იპოდრიმის მიმდებარედ თამარაშვილის 13 ნომერში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 01.10.16.004.272 (9645 კვ.მ) და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოსტავას I შესახვევს შორის მდებარე უძრავი ქონება - ლაგუნა ვერე საკადასტრო კოდით 01.15.03.004.019 (12665კვ.მ), რომლის რეგისტრაციაც 10 აგვისტოს მოხდა.
აღნიშნული ტერიტორიები აქამდე „ქართუ ფონდის“ მფლობელობაში იყო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედნის მონუმენტს შორის, ფონდმა „ქართუმ“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება გასული წლის ბოლოს დააანონსა. დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია“, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
რაც შეეხება კოსტავას 69-ში მდებარე კიდევ ერთ 01.15.03.004.046 საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, მის რეგისტრაციაზე რეესტრმა უარი განაცხადა, რადგან უძრავ ნივთზე 2022 წლის დეკემბრის თვეში რეგისტრირებულია ყადაღა.
ამ ეტაპზე სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს იპოდრომის მიმდებარე კიდევ რამდენიმე ნაკვეთზე საკადასტრო კოდებით 01.10.16.004.283; 01.10.16.004.284, და 01.10.16.004.285
„ნეო სითი დეველოპმენტის“ დირექტორი ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
მარიკა ვერულაშვილის ჟურნალისტური და პოლიტიკური ბიოგრაფია ასე გამოიყურება.
1994-1997 წლებში მუშაობდა „პირველი არხის“ პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
2001 წელს დაიწყო მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. ვერულაშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში გადავიდა.