27 წლის წინ, ქართულ საფინანსო სექტორში შექმნილი კომპანია- „კრისტალი“ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, 50-მდე ფილიალს აერთიანებს. „კრისტალის“ ბიზნესს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ჯანელიძის თქმით, ფილიალების უმეტესობა, ნდობის მაღალი დონის გამო, რეგიონებშია განთავსებული.

როგორც ჯანელიძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა, გარდა მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერისა, „კრისტალი“ 16-მილიონიან სალიზინგო პორტფელს მართავს, რომელიც 370-მდე მომხმარებელს ემსახურება.

„დაახლოებით 27 წელია, რაც „კრისტალი“ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ოპერირებს, ამ დროისთვის დაახლოებით, 50-მდე ფილიალი გვაქვს, ძირითადად რეგიონებში, რადგან იქ კარგად გვიცნობენ. „კრისტალი“ დაახლოებით 515 მილიონი ლარის პორტფელს აგენერირებს, 105 000 კლიენტს ვემსახურებით, ეს  მცირე რიცხვი არ არის. ამ დროში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ საბანკო ტრანსფორმაციამდე მიგვიყვანა, ასე რომ, უკვე მიკრობანკად ვოპერირებთ ბაზარზე. გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ვუჭერთ მხარს, გვაქვს სალიზინგო მიმართულება, რომელიც 16 მილიონი ლარის პორტფელს მართავს და 370-მდე კლიენტს ემსახურება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან განსხვავებით, მიკრობანკის სტატუსი უკვე ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, როცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვიყავით, მაშინ ეროვნული ბანკიდან გარკვეული შეზღუდვები გვქონდა, მათ შორის საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებით. 100 000-ლარიანი ლიმიტი  გვქონდა და, ფაქტობრივად, ის მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთან იწყებდნენ და ვითარდებოდნენ, შემდეგ ბანკებთან გადიოდნენ.

გარდა ბიზნესის დაფინანსებისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,  მთელი საქართველოს მასშტაბით,  700-მდე მცირე მეწარმეს გავუწიეთ საკონსულტაციო დახმარება. გვქონდა გარკვეული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით ტარდებოდა, მათ შორის ესტონეთში ორჯერ ვიყავით სასწავლო ვიზიტით. ბიზნესის განვითარება და გაძლიერება კრისტალის მისიის ნაწილია“,- აღნიშნა გიორგი ჯანელიძემ „კომერსანტის“ საავტორო რუბრიკაში- „ბრენდი საქართველო’.

მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტირება და ნდობით მოპოვებული ერთგულება, ეს ის პლუსებია, რაც ,,კრისტალს“ სხვა კომერციული ბანკებისგან განასხვავებს. ჯანელიძის თქმით, არაფინანსური მიმართულება, რაც მომსახურების მაღალ სტანდარტს გულისხმობს, „კრისტალის“ მთავარი ნიშაა.

„კრისტალი“ მხოლოდ სესხის გამცემი ორგანიზაცია არასდროს არ ყოფილა. ჩვენ მომხმარებელს გრძელვადიან ურთიერთობაში ვუყურებთ, ამიტომაა, რომ ეს არაფინანსური მიმართულება წლებია, არსებობს და მზარდ ბიზნესთან ჩამოყალიბებული ნდობა, ძალიან ღირებულია. პროდუქტების თვალსაზრისით ჩვენ სხვა ბანკების მსგავსი პროდუქტები გვაქვს,მაგრამ მთავარი, რაცაა ეს მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ინდივიდუალური მიდგომაა. ბაზარი ფინანსური სერვისებით ძალიან გაჯერებულია, მაგრამ ის ნიშა, რომელიც გვინდა დავიჭიროთ, მცირე და საშუალო ბიზნესია. ამ ტიპის მეწარმეებთან, ჩვენ გარკვეული ურთიერთობა და კომუნიკაციის გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად ჩვენი არაფინანსური ფლაგმანი ის ძირითადი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც გვინდა, რომ კომერციულ ბანკებს კონკურენცია გავუწიოთ“,- თქვა „კრისტალის“ ბიზნესს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ჯანელიძემ  „კომერსანტის“ ეთერში.