ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "კრეადორა" მიმდინარე წელს, თბილისში მინიმუმ 1 ფილიალის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის კრეატიულმა ხელმძღვანელმა დავით ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები რამდენიმე სავაჭრო ცენტრთან მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, "კრეადორას" პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება.
"ჩვენი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშა სხვა ბრენდებთან არის პროდუქციის მრავალფეროვნება. მაგალითად, ახლა, რომ საიტზე შეხვიდეთ 400-ზე მეტ პროდუქტს ნახავთ. ჩვენ ვცდილობთ გვქონდეს დიდი კოლექცია, მათ შორის, ძველი და ახალი კოლექციები ყოველწლიურად. მაგალითად, გასულ წელს 25-მდე ახალი მოდელი შეიქმნა მხოლოდ ჩანთების მიმართულებით, ასევე უამრავი მოდელი დაემატა საფულეების ხაზსაც.
კომპანია წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა საერთო ჯამში მზარდია, თუმცა არსებობს პერიოდები, როცა გარკვეული რეცესია ფიქსირდება და გარკვეული მოვლენები აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, ეს ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, თუმცა არის მომენტები, რომელიც პირიქით გვეხმარება, ეს ძირითადად ჩვენი შიდა ფაქტორები არის რაც საერთო ჯამში მაინც ზრდას განაპირობებს. შესაბამისად, კომპანიის გაყიდვების ზრდა წლიურ ჭრილში დაახლოებით, 15-20%-ია.
ფილიალების გახსნა პანდემიის დასრულებისთანავე თბილისში დავიწყეთ, ამ მომენტში ჩვენი ფილიალები არის ორ მოლში: "თბილისი მოლში" და "გლდანი მოლში", - აცხადებს დავით ვაშაკიძე.
კომპანიის კრეატიულმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "კრეადორას" მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივები არიან. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმებს - კომპანიას პირველ პრიორიტეტად ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება აქვს, ხოლო შემდეგ ექსპორტის მიმართულების განვითარება.
"ჩვენს პრიორიტეტად იყო და კვლავ რჩება ის, რომ ბრენდის აუდიტორია ლოკალურად ძალიან ვრცელი იყოს, თუმცა ამის პარალელურად უკვე 4 წელია, რაც უცხოეთში გვაქვს ექსპორტი. ამჟამად, "კრეადორა"ერთ-ერთ ამერიკულ გაყიდვების პლატფორმაზეა წარმოდგენილი, საიდანაც პროდუქციის გაყიდვა სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. ექსპორტის კიდევ უფრო გაფართოებისთვის ჩვენ "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებით გვყავს ესტონელი მენტორები - კერძოდ, Visionest Institute-დან, რომლებიც 8 თვიანი სწავლების შემდეგ ექსპორტის ახალ საფეხურზე გადაყვანაში დაგვეხმარებიან", - აღნიშნა დავით ვაშაკიძემ.
ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "კრეადორა" ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა.