მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თემურ სურამელაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ჭიათურელ მაღაროელებს შორის მიღწეული შეთანხმება სამართლიანია.
იქიდან გამომდინარე, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე საერთოდ არ აპირებდა ხელფასების მომატებას, ის შედეგი რაც დადგა, კმაყოფილების განცდას იწვევს.
„როდესაც საპროტესტო აქციები იწყება, ამ ყველაფერს დიდი გათვლები სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ამის გარეშე იყო. იმ ეტაპისთვის სხვა გამოსავალი არ იყო. როგორც კი შედეგი ეცნობათ მოშიმშლე და პირამოკერილ მაღაროელებს, შემოთავაზება მიიღეს“, - აცხადებს სურამელაშვილი.
კითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა ის სამოქალაქო სოლიდარობა, რაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის მხრიდან იყო გამოხატული, სურამელაშვილი განმარტავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი პროტესტების მიმართ სოლიდარულია და მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებულთა (არამარტო მაღაროელების) პროტესტს უერთდება, ერთადერთი მიზნით, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, ძალიან კარგია.
თუმცა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება სანაცვლოდ ბენეფიტების მიღებას ელოდება, ეს დასაქმებულების მდგომარეობას აუარესებს.
„იცით როგორ იზომება სამოქალაქო საზოგადოება? მაგალითად, როდესაც ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, იურიდიული პირები მიდიან აქციაზე მხარდასაჭერად, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღაროელები იქნებიან თუ სხვა საწარმოს თანამშრომლები, მაგრამ გარკვეული ბენეფიტების სანაცვლოდ, ამან შეიძლება დასაქმებულები დააზიანოს. ამ შემთხვევაში ეს ნიშნები გამოხატული იყო. საბედნიეროდ, დასაქმებულები დროზე მიხვდნენ და ამ ყველაფერს გაემიჯნენ,“-აცხადებს სურამელაშვილი.
კონკრეტულად რომელი ძალები ცდილობდნენ ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქციებით ბენეფიტების მიღებას, აღნიშნულ საკითხზე სურამელაშვილი არ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.
„ამ სიტუაციაში გარკვევის და დადგენის პროცესში ვართ ჩვენ და მაღაროელებიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ მონახაზი უკვე გვექნება“, - აცხადებს სურამელაშვილი.
რაც შეეხება გაერთიანებული პროფკავშირის როლს ამ კონფლიქტის მოგვარებასა და მსგავს დავებში, სურამელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გაერთიანების მუშაობა სავსებით დადებითად შეიძლება შეფასდეს. პროფესიული კავშირები საკმარისი დოზითაა ჩართული ამ პროცესებში.
„ერთი რამ მინდა განვმარტო. მედიატორი არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანი. პროფესიული კავშირი კი დავაში არის მხარე და არა მედიატორი.
ის კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის გაფორმებული, არის ძალიან ღირებული, ეს პროფესიული კავშირების ანგარიშზე დევს.
დასაქმებულებს ძირითადი ხელფასის გარდა აქვთ ფინანსური ბენეფიტები, მათ შორისაა, 1 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე, გაჩერებულ მაღაროელებზე ხელფასის 60%-ის გაცემა. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დროს, რომელიც დამსაქმებლის დამოუკიდებულად ხდება, კანონით, დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება ხელფასის გადაიხადოს. კოლექტიურ ხელშეკრულებაში კი დევს, რომ დასაქმებულებს ხელფასის 60% მაინც ეძლეოდათ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო“, - აცხადებს სურამელაშვილი.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მატება იყო, რომელიც შემდეგ 20%-იან მატებამდე შემცირდა. საბოლოოდ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პირველი ივლისიდან კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდა როგორც ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ისე გაჩერებული მაღაროები.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლებს ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჯამში დაახლოებით 12%-ით გაუზარდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატა 5%, ხოლო პირველი ივლისიდან გასაცემი ხელფასი, ჯამში, 12%-მდე გაიზარდა.
ანაზღაურების მატება იყო მთავარი იმ მოთხოვნებს შორის, რომელსაც მაღაროელები გაფიცვის დროს აყენებდნენ. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელია შესული. სწორედ ეს ორგანო მუშაობს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. მათ შორის, მოხდება ბიულეტენების 100%-ით ანაზღაურება, დარეგულირდება შვებულებების საკითხი და გამრავალფეროვნება კვება.
„არაუგვიანეს თვის ბოლოს მომზადდება ლანჩ ბოქსები, შედგება დეგუსტაცია და 17 აგვისტოს გვექნება პირველი კონტროლი, რამდენად ხორციელდება დათქმული პირობა“, - აცხადებს სურამელაშვილი.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.