„კომბინიზონას“ ისტორია 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი განო მელითაური სამეცნიერო თემაზე - „ფერების მიმღებლობა საქართველოში“ მუშაობდა. მან და მისმა მეუღლემ კახა გაგნიძემ გადაწყვიტეს, შეექმნათ ქართული, მდგარი, ეკომეგობრული, ინკლუზიური, ნულოვანი ნარჩენის ბრენდი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა და ექნებოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. „ამოცანა ძალიან რთული იყო, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ რაღაცნაირად გავაერთიანეთ ჩემი „სკეტჩები“, ჩვენი ხედვა, შევქმენით გრძელვადიანი - 10-წლიანი, სამოქმედო სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიხედვით დავიწყეთ მუშაობა,“ - უყვება „კომერსანტს“ განო მელითაური.

8 წლის თავზე „კომბინიზონას“ გაყიდვები სრულად გაციფრულებულია და ადგილობრივ ბაზარზე 3 სხვადასხვა საიტიდან ოპერირებს, აქვს საორსულე და საბავშვო ხაზები და თვითონ „კომბინიზონა“ უნისექსი. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, ამ ეტაპზე ბრენდს აქცენტი ძირითადად საექსპორტო მიმართულებით აქვს. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებზე და პროდუქცია უკვე ყაზახეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ბრაზილიის ბაზრებზეა წარმოდგენილი.

„კომბინიზონას“ წარმატების ისტორიაზე „კომერსანტი“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელს და კრეატიულ დირექტორს, განო მელითაურს ესაუბრა.

კახა გაგნიძე

როგორ დაიბადა და ვითარდებოდა „კომბინიზონა“?

8 წლის წინ, პირველი შოურუმი აბაშიძის ქუჩაზე გვქონდა, ღია ტიპის შოურუმი იყო თავისი ფოტოსტუდიით და ატელიეთი. პირველი კოლექცია გამოფენიდან 2 კვირაში სრულად გაიყიდა და დავდექით გამოწვევის წინაშე, რომ ვერ ვაკმაყოფილებდით მიწოდებას იმიტომ, რომ მოთხოვნა დიდი იყო და გვქონდა პატარა წარმოება. გადავხედეთ ჩვენს პრობლემებს და მივხვდით, რომ სახსრების დონაცია გვჭირდებოდა. ბიზნესი ერთი ნათხოვარი საკერავი მანქანით დავიწყეთ.

2019 წელს საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის და ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გავხდით, მერე მიგვიწვიეს „მგლების“ სამიტზე ვარშავაში; პანდემიის დაწყებამდე, პირველი ქართული დამცავი ეკიპირების ბრენდი და პირველი ქართული პირბადე შევქმენით. იმ პერიოდში ბევრი სოციალურად დაუცველი და შშმ პირი გვყავდა დასაქმებული, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩა. მათთვის სამსახურის შენარჩუნების მიზნით, წარმოება გადავაწყვეთ.

მერე უკვე ევროკავშირის და პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით წარმოება გავაფართოვეთ, ფაბრიკად ვიქეცით და იქიდან მოყოლებული მივდივართ წინ.

„კომბინიზონას“ ინოვაციურ პროექტებზე გვიამბეთ.

ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი იყო - ფერების კონცეფციის მიხედვით შექმნილი თერაპიული სამოსი, სადაც ყველა ფერს და კომბინაციას მენტალურ ჯანმრთელობაზე თავისი თერაპიული დადებითი დატვირთვა ჰქონდა. შემდეგ, დავამატეთ პირველი საორსულე ბრენდი ქალებისთვის. ყველა პროდუქტი ქურთუკების ჩათვლით, ლაქტაციაზეა გათვლილი და ერთადერთი ლაქტაციაზე სრულად ადაპტირებული და პირველი საორსულე ქართული ბრენდი ვართ.

2019 წელს სოციალური მეწარმეობის გამარჯვებული გავხდით ინოვაციების მიმართულებით და ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი შშმ პირებზე ადაპტირებული ფუნქციური სამოსი ჩავუშვით, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს, პარკინსონიანებს და სხვადასხვა დარღვევების მქონე ადამიანებს ფუნქციურად და ტექნიკურად სწორად შესრულებულ სამოსს სთავაზობს. ესენია: „სუდნოიანი“ შარვლები და კაბები, პორტატიული შარვლები ეტლით მოსიარულეებისთვის და ა.შ. არ ვხმარობთ ღილებს და მყარ ატრიბუტებს, რომლებიც მომხმარებლის ნაწოლებს დააზიანებს.

მერე უკვე გავხდით „მაკ-ჯორჯიას“ გამარჯვებული - შევქმენით პირველი ადაპტირებული საწვიმარი, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს წვიმიან ამინდში გადაადგილებაში ეხმარება. ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობდა. ამასთან, 100-მდე ეტლით მოსარგებლეს უფასოდ გადავეცით ასეთი ქოლგები.

ამას გარდა, 2022 წელს „კომბინიზონამ“ ველომრბოლელებისთვის და Sport Wear-ის მიმართულებით აქსესუარები ჩაუშვა. ამ ხაზის კაშკაშა ბესტსელერი წელის ჩანთაა, რომელიც ექსპორტზე იყო ამერიკაში. ნივთი წყალგამძლეა და არ აქვს შეზღუდვა ასაკზე.

„კომბინიზონა“ როდის გამოჩნდა ევროპის ბაზარზე?

2022 წლიდან „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით მსოფლიოს ნომერ პირველ საერთაშორისო საბავშვო დიზაინერული ბრენდების შოურუმ Pitti Bimbo-ს შევუერთდით, რომელიც ფლორენციაში წელიწადში 2-ჯერ იმართება და ჩვენ უკვე მეორე წელია სეზონურად, წელიწადში 2-ჯერ, მიგვაქვს ჩვენი კოლექციები და ძალიან დიდი მადლობა „აწარმოე საქართველოს“, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცა და ასევე ასოციაცია „გაფას“.

ზოგადად, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბრენდმა 2022 წელს გამოყო: უნისექსი, ქალის, კაცის და ბავშვის „ლეიბლები“. ბავშვის ცალკე “ქველეიბლი“ Kombinizona Kids-ი ევროპაში გავიდა ექსპორტზე და უკვე ყაზახეთის, იტალიის, საფრანგეთის და ბრაზილიის ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი. პირველი პარტიები გავაგზავნეთ და ველოდებით უკუკავშირს. ძალიან მიხარია და ჯერ არავისთვის არ მითქვამს, რომ 18-ში მივდივართ ფლორენციაში და უამრავი, ასობით ბრენდიდან, 5 იღბლიანს შორის მოვხვდით, რომელიც Pitti Bimbo-მ ცალკე  ჩვენებისთვის შეარჩია, სადაც 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის 4 ლუქს წარმოვადგენთ. 

„კომბინიზონა“ ნულოვანი ნარჩენის მდგრადი ბრენდია, რას გულისხმობს ეს კონცეფცია?

ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას და მიხარია და ამაყი ვარ, რომ საქართველოში პირველი სრულად ნულოვანი ნარჩენის მდგრადი ბრენდი ვართ, რომელიც აგროვებს ნარჩენს, აქუცმაცებს და აბრუნებს წარმოებაში, წრიულ მოდას ვგულშემატკივრობთ, სწრაფ მოდას არ ვუჭერთ მხარს. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წამყვანმა ექსპერტებმა და ბაერებმა სტატიები მოგვიძღვნეს და წერდნენ, რომ ჩვენ ვართ „მომავლის შემქმნელი ბრენდი“ ევროპიდან.

რა სეგმენტზეა გათვლილი „კომბინიზონა“?

მიხარია, რომ ქართულ ბაზარზე „პრემიუმ+“-ის გარდა, შეძლებისდაგვარად, საშუალო ფენასაც ვითვისებთ. მაგალითად - საორსულე ბრენდი ძალიან ხელმისაწვდომია. იქ 25-30 ლარადაც კი ნახავს ორსული ან მომავალი დედა საჭირო ნივთს.

საიდან შემოგაქვთ საჭირო ქსოვილი?

ქსოვილების მომწოდებლები გვყავს ძირითადად თურქეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან, მაგრამ ძირითადად ვცდილობთ, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ თეთრი ქსოვილები, თვითონ მივიღოთ ვიზუალები, ვხატავ ესკიზებს და პატერნების მიხედვით ვიღებთ ქსოვილს, ამაში ჩემი 7 წლის ქალიშვილი ლოლიტა მეხმარება.

სად იყიდება „კომბინიზონას“ პროდუქცია?

„კომბინიზონას“ პროდუქცია ადგილობრივ და „ქოვორქინგ“ შოურუმებში იყიდებოდა. შემდეგ, ჩვენი კონცეფცია შეიცვალა, სხვა კლასის ბრენდი გავხდით და, შესაბამისად, სამოსის ყველგან გაგზავნაზე უარი ვთქვით. მერე უკვე სრულად გავაკეთეთ გაყიდვების დიგიტალიზაცია და სრულად ონლაინ იყიდება პროდუქცია. 3 სხვადასხვა საიტი გვაქვს, სამივე სხვადასხვა მიმართულებით: „კომბინიზონას“ აქვს საორსულე ხაზი, თვითონ „კომბინიზონა“, უნისექსი და „კომბინიზონას“ საბავშვო ხაზი და ადგილობრივ ბაზარზე 3 სხვადასხვა საიტიდან ვოპერირებთ.

ამ ეტაპზე ჩვენი აქცენტი საცალო გაყიდვებში ძირითადად საექსპორტოა, პროდუქციას ვყიდით „პრემიუმ“ და „პრემიუმ+“ შოურუმებში, რომლებსაც ფეშენ მიმართულება აქვთ, ორიენტირებული არიან ხარისხზე, ნულოვან ნარჩენზე, ეკომეგობრულობაზე, მდგრადობასა და უნიკალურობაზე.

ამ ეტაპზე რა არის „კომბინიზონას“ გამოწვევა და მიზანი?

ბრენდი უკვე ეძებს ინვესტორებს და მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს, სამწუხაროდ, იმის რესურსი, რომ ბაზარზე არსებული ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ევროპული მაღაზიებიდან კონსიგნაციებს ითხოვენ და მიწოდებას ვერ ვარეგულირებთ. რაც შეეხება მიზანს, „კომბინიზონა“ იბრძვის, რომ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გვერდით დადგეს და შოურუმები მსოფლიოს ქალაქებში გახსნას.