პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე ერთ-ერთი კლინიკის მიერ კლინიკის პაციენტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, შეტყობინების თანახმად, კლინიკის ექიმებმა პრესკონფერენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაამჟღავნეს პაციენტის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშრებით კლინიკის არგუმენტები არ გაიზიარა პერონალურ მონაცემთა დავის სამსახურმა. შესაბამისად, კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პრესკონფერენციისას კლინიკის ექიმებმა გაამჟღავნეს პაციენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ისაუბრეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კლინიკის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილი განმარტების თანახმად, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, კლინიკის სახელით მოქმედებდნენ ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი პაციენტის მკურნალობის პროცესში.
პაციენტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, კლინიკა მიუთითებდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და კლინიკის/კლინიკის ექიმების ინტერესების დაცვაზე. კერძოდ, კლინიკის განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებიდან/სოციალური ქსელებიდან ჟღერდებოდა ისეთი ინფორმაცია, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და კლინიკაზე ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია.


გარდა ამისა, საზოგადოებას სურდა ექიმებისგან მოესმინა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის განმარტებები, რაც მანამდე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ჟღერდებოდა. ამასთან, 60 კლინიკის მიმართ არსებულმა ცრუ ბრალდებებმა კლინიკის პერსონალზე უარყოფითად იმოქმედა. სწორედ ამიტომ პრესკონფერენციის ჩატარება წარმოადგენდა ექიმების უფლებების დაცვისთვის გადადგმულ იძულებით ნაბიჯს. გარდა ამისა, კლინიკის განმარტებით, პრესკონფერენციაზე გამჟღავნდა პაციენტის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავად პაციენტის ადვოკატისგან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ პრესკონფერენციაზე ექიმებმა გაამჟღავნეს პაციენტის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რაც, მანამდე პაციენტის ადვოკატის მიერ არ გაჟღერებულა. ამასთან, კლინიკა წარმოადგენდა იმ დაწესებულებას, რომელიც ფლობდა უახლეს ინფორმაციას პაციენტის შესახებ. შესაბამისად, პრესკონფერენციისას ექიმებმა საჯარო გახადეს მათ ხელთ არსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები. ამდენად, კლინიკის არგუმენტი, რომ ექიმების მხრიდან გამჟღავნდა პაციენტის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის თავად პაციენტის ადვოკატისგან იყო ცნობილი, სამსახურის მიერ ვერ იქნა გაზიარებული.

შემოწმების ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ პაციენტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისას კლინიკა არ მოქმედებდა პაციენტის თანხმობის საფუძველზე, ხოლო, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან ამავე პუნქტით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.


ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ პრესკონფერენციის ფარგლებში კლინიკამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები გაამჟღავნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. შესაბამისად, კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის“,- ნათქვამია ანგარიშში.

bpn.ge