თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა გააკეთა.
„ჯერ კიდევ არ ასახულა ის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა, ყველა მჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს ჩვენ არც თუ ისე მარტივი წელი გვექნება. იქიდან გამომდინარეც, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც უკეთესი არ არის. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ასევე პირდაპირი ინვესტიციების შემცირება.
რეალურად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის ციფრები, რომლებზედაც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი და გათვალისწინებული აქვთ 6 პროცენტიანი ზრდა, რაც არარეალისტურად ჩანს და ისმება კითხვა, როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას, ამ კრიზისთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია ახალი არჩევნები. ნებისმიერი წნეხი, რომელიც დააჩქარებს ახალ არჩევნებს, ქვეყნისთვის დადებითია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.