აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოთეატრი „აპოლოს“ შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია myhome.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი გასაყიდი კომერციული ფართი მოიცავს შენობას, რომლის ფართიც 2400 მ2-ია და 1208 მ2 მიწას. კინოთეატრ „აპოლოს“ ფასი 16 075 730₾ ლარია.
უძრავი ქონების რეესტრის ბოლო მონაცემებით, შენობის მესაკუთრეები შპს „კონფიდენს გრუპი“ და შპს „თეატრები აპოლო“ არიან.
შპს „კონფიდენს გრუპი“ მფლობელობაშია საერთო ფართი 184 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 151კვ.მ.); 12 კვ.მ. სარდაფი და 48 კვ.მ,. სხვენი, საცხოვრებელი ფართი 9 კვ.მ. (სამზარეულო, საპირფარეშო, სააბაზანო საერთო სარგებლობაში)
რაც შეეხება შპს „თეატრები აპოლოს“ მის მფლობელობაშია შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 2400 კვ.მ.
შპს „კონფინდენს გრუპის“ დირექტორი თურქეთის მოქალაქე ოზგურ დურდაბაქია. 100%-იან წილს კი შპს „ელიტ პრო ფლობს“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
შპს „თეატრები აპოლოს“ დირექტორი გიორგი გეგელიაა. მესაკუთრეთა წილები კი ასე ნაწილდება - 10% „ქართული ოცნების“ დეპუტატს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის (მის წილს ამჟამად მართავს მისი შვილი გიორგი ჩიგოგიძე), 7% მანანა გეტაშვილის ეკუთვნის, რომელიც პორტუგალიის მოქალაქეა. 3% კი ნიდერლანდების მოქალაქე თინათინ სვანიძეს, 80%-ს შპს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს.
კინოთეატრი „აპოლო“ დავით აღმაშენებლის გამზირის 135 ნომერში მდებარეობს. ის 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.