,,ფაქტობრივად უფუნქციოდ დავრჩით“- აცხადებს კომერსანტთან საუბარში კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. იზოლდა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის ბაღების რაოდენობა შემცირდა და მეწარმეების უმეტესმა ნაწილმა ამ საქმიანობას თავი დაანება. კენკროვანი კულტურების გაშენება რამდენიმე მიზეზით გახდა წამგებიანი. ერთ-ერთია საქმის სირთულე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა.

,,ბევრისთვის ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა ეს საქმიანობა. ყველას ეგონა, რომ იოლი და ადვილი იქნებოდა. საქმე შრომატევადი იყო და რეალიზაციის საკითხი გახდა ძალიან პრობლემური. ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქცია ჭარბი აღმოჩნდა. ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია. არ და ვერ ვფლობდით იმ ტექნოლოგიებს, რომ ექსპორტზე გაგვეტანა. ვერ ვაკმაყოფილებდით ხარისხს პირველ რიგში. მწარმოებლებმა ვერ ნახეს მოგება, შემდგომში ძალიან ბევრმა, ფაქტობრივად 99%-მა გაჩეხა ბაღები. აღარავინ აღარ ხარჯავს თანხას, რომ კვლავწარმოება გააკეთონ. ბაღის გაშენება ძალიან ძვირად ღირებულია. ახალი ჯიშების ნერგები ძვირად ღირებულია. თითზე ჩამოსათვლელმა პიროვნებებმა გავაშენეთ ახალი ჯიშები. არავინ აღარ არის დაინტერესებული ამ სფეროში ფულის ჩადებით. დიდი წაგებაში წავიდნენ. იმდენად, რომ რაც დახარჯეს ვერ აინაზღაურეს. ვითარდება ტექნოლოგიები, ვითარდება აგრონომიული მომსახურება. არ იქნა შერჩეული ჯიშები, რომლებიც იმ რეგიონისთვის იყო საჭირო. თორემ მაყვალი, ჟოლო და მარწყვით საკმაოდ მოგებიანია. (სერბეთი და პოლონეთი მსოფლიოს ამარაგებს) რომ არ დაახარისხო, არ გააგრილო სპეციალური ტრანსპორტირება არ გააკეთო ამის გარეშე ფერმერულ დონეზე ვერ კეთდება. ამას უნდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ეს ყველაფერი გაუთვალისწინებელი იყო. არ ვიცოდით. არ გვქონდა რეკომენდაციები.’’- აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

მეწარმეების უდიდესმა ნაწილმა ბაღების მოვლა მიატოვეს, რადგან მათთვის საქმე წამგებიანი აღმოჩნდა. რეალიზების პრობლემასთან ერთად გამოწვევა იყო კენკროვანი კულტურების სარეალიზაციო ფასი.

,,ძალიან დაბალი ფასები იყო. ის ჯიშები, რომლებიც გაშენდა საქართველოში ფაქტობრივად თვითღირებულებას ვერ აღწევდა. რაც გვიჯდებოდა მისი წარმოება მოგება არაფერი არ რჩებოდა.  გავაკეთე დეტალური ანალიზი ერთი კილოგრამის წარმოების. საშუალოდ გამოდიოდა 5 ლარი. ადგილზე გასაყიდი საბითუმო ფასი იყო 3 ლარი.’’- განმარტავს იზოლდა ქიტესაშვილი.

კახეთის რეგიონში კენკროვანი კულტურების წარმოებას პრობლემა შეუქმნა კლიმატურმა პირობებმაც. იზოლდა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო მცენარეების ნაწილი ხმებოდა. სათანადო ნიადაგის არარსებობის გამო კი რიგი კენკროვანი კულტურა მოსავალს არ იძლეოდა. ყველაზე პრობლემური კახეთის რეგიონის კლიმატი მაყვლისთვის აღმოჩნდა. ,,კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ რეგიონში ჟოლოს გაშენებამ მეწარმეებს დიდი ზარალი მიუტანა, რის გამოც მათ ბაღები ამოთხარეს.

,,ძირითადად საუბარი არის მაყვალზე. რაც შეეხება ჟოლოს, იმერეთი, განსაკუთრებით ზესტაფონი, კახეთის რეგიონში ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მხარეებში ჟოლოს გაშენება იყო ძალიან დიდი ზარალი. პირადად ჰექტარ ნახევარი ამოვიღე. მაღალი ტემპერატურის გამო ზიანდებოდა არა მარტო ნაყოფი, არამედ თვითონ მცენარეც. ხმებოდა. აქედან გამომდინარე არარენტაბელური აღმოჩნდა ამ დარგის განვითარება.’’- აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

კიდევ ერთი კენკროვანი კულტურა, რომლის გაშენებამაც არ გაამართლა მარწყვია. იზოლდა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ ბაზარი თურქეთიდან იმპორტირებულმა პროდუქტმა შეავსო. გარდა ამისა, ბაზარი კარგად მოამარაგეს მარნეულში მოყვანილი მარწყვით. რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზებისათვის სივრცე არ დარჩათ.

,,მარწყვშიც ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ. მაგრამ, თურქეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით. მარნეულმა კარგად მოამარაგა ბაზარი მარწყვით. ფერმერებისთვის უკვე ნიშა აღარ დარჩა. შრომატევადი საქმეა. ახალგაზრდებს ურჩევნიათ სადმე წავიდნენ, ვიდრე მიწასთან და მარწყვთან იმუშაონ. კახეთის მთელს რეგიონში დიდად არ განვითარდა. 2 კვირაში უნდა დაეკრიფათ მოსავალი. თუმცა სულ სეტყამ წაიღო. კლიმატური პირობების გარდა წარმოების სიძვირეც გახდა მიზეზი.’’- აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

კახეთის რეგიონის ნიადაგი მიუღებელი აღმოჩნდა მოცვისთვის. ჟოლოს კულტურის განვითარება კი შეუძლებელი. იზოლდა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ კენკროვანი კულტურების შერჩევის დროს არ იქნა გათვალისწინებული რეგიონის კლიმატური პირობები. ამის მიზეზი კი სპეციალისტებისა და კვალიფიციური ცოდნის დეფიციტი გახდა.

,,მოცვი საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ მას მჟავე ნიადაგი უნდა. თუმცა მოცვი კახეთის რეგიონში არ ხარობს. გურია და სამეგრელო არის კარგი რეგიონები მოცვის წარმოებისთვის. ჟოლოს განვითარება კახეთის რეგიონში წარმოუდგენელია. არ იქნა გათვალისწინებული რეგიონის კლიმატური პირობები. არ იქნა გათვალისწინებული ჯიშები. ამ დარგში სპეციალისტებს, არავის არ ჰქონდა გამოცდილება, რომ რჩევები მოეცათ. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ექსპორტზე გატანისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიაც პრობლემა იყო. ’’- აცხადებს ,,კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ,,კომერსანტთან’’ საუბარში.