სუვენირები სახელად „კარი თბილისში“ მხატვარ ზაირა ენუღელის მცირე ბიზნესია, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.
ხატვისა და ძველებური კარის მიმართ სიყვარული ხელოვანს მისი საქმიანობიდან შემოსავლის მიღებაში დაეხმარა. როგორც ის „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ბავშვობა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სოლოლაკში, აქვს გატარებული და პირველად სწორედ საკუთარი სადარბაზოს კარის სილამაზით მოიხიბლა. მას შემდეგ ყველა ქალაქში ძველებურ კარებს ინტერესით აკვირდება და სუვენირების ახალი მოდელების შთაგონებას დაეძებს.
„დავიბადე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, სოლოლაკში, ფრეილინების ქუჩაზე (სულხან საბას ქუჩა). ხელოვნება ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა. ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა სამეზობლო გარემოს, რომელიც ბალერინებისგან, მხატვრებისგან, ოპერის მომღერლისა და ჩემი უსაყვარლესი პიანისტისგან შედგებოდა.
ჩემს ძვირფას სადარბაზოს ულამაზესი ხის კარი ამშვენებდა ბროლის შუშებით, ბრინჯაოს ლომებით და ულამაზესი თუჯის ჩუქურთმიანი გისოსებით. ეს გატაცება ბავშვობიდან დაიწყო და დღემდე მომყვება. ჩემმა მეგობარმა მირჩია ხელით დამეხატა მაგნიტები ძველი თბილისის კარების გამოსახულებით. ჩემი პატარა ბიზნესიც ამის შემდეგ, 2017 წლიდან დაიწყო“, - აღნიშნავს ზაირა ენუღელი.

მხატვარი სუვენირებს კერძო შეკვეთებითაც ამზადებს. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ნებისმიერი დიზაინის კარის მოდელი, ზომით 20 × 30 სმ, 150 ლარი ღირს. თვეში ამჟამად 50 ცალი სუვენირი იყიდება. მომხმარებლები კი ძირითადად თბილისის ვიზიტორი ტურისტები არიან.
„კარი თბილისში“ სუვენირების ყველაზე დიდი შეკვეთა მხატვარმა გასული წელს ქართულ-ფრანგული ქორწილის ნეფე-პატარძლისგან მიიღო. მათ 150-მდე უცხოელი სტუმარი თბილისის ძველებური კარის სუვენირებით დაასაჩუქრეს.
„შარშან ჩემი უახლოესი მეგობრის ქალიშვილის ქორწილისთვის მქონდა დიდი შეკვეთა. პარიზში, ფრანგზე გათხოვდა, მაგრამ ქორწილი საქართველოში გადაიხადეს და 150-მდე უცხოელ სტუმარს საჩუქრად ტფილისის კარები გადასცეს, თავისი გასაღებით, ქოლგით და გაზეთით! საჩუქარმა მათში აღფრთოვანება გამოიწვია“, - აღნიშნა ზაირა ენუღელმა.
მხატვრის ახალი შთაგონება ატენის სიონის კედლის მხატვრობა გახდა, რომლის ფრაგმენტებიც მინიატურაში თაბაშირ-ცარცის ფითხიზე გადააქვს. რამდენიმე მათგანი უკვე დასრულებულია და იყიდება.
