ლამარიასა და შხარას ხედები, შუა საუკუნეების კოშკები, უნიკალური სვანური სამზარეულო - ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ უშგულში და „კაფე-ბარ ენგურში“ მოხვედრა მოგინდეთ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კაფე-ბარის მენეჯერი ქეთევან ჩუბინიძე ამბობს, მათი კაფე საოჯახო ბიზნესია და 2017 წლიდან ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება, ერთ ჯერზე 80-100 ადამიანის მიღება შეუძლიათ, 2 წელიწადში კი სასტუმროს მოწყობას გეგმავენ და მერე უკვე ზამთრის სეზონზეც შეძლებენ მუშაობას.

„ადრე საცხოვრებელ სახლშიც გვქონდა გაკეთებული პატარა კაფე, მერე გავფართოვდით. ახლა უკვე საშუალოდ 80-დან 100 ადამიანს შეგვიძლია მოვემსახუროთ. ქორწილის და დიდი ივენთების მასპინძლებიც ვყოფილვართ და უფრო მეტი - 200-დან 300 ადამიანიც მიგვიღია. ამ ეტაპზე მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ვმუშაობთ, დაახლოებით 2 წელიწადში სასტუმროს მოწყობას ვგეგმავთ და ზამთრის სეზონზეც გადავერთვებით“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბრისას ქეთევან ჩუბინიძე. 

„კაფე-ბარ ენგურში“ ტრადიციული მენიუ აქვთ, ქართული და სვანური კერძებით, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნა სვანურ დაფაზეა, სადაც მხოლოდ სვანური კერძები - კუბდარი, თაშმიჯაბი, ფეტვიანი, ჭიშტვარი და სვანური ხაჭაპური შედის. 

ქეთევან ჩუბინიძე გვიხსნის, რომ ფეტვიანი ჭიშტვარივით ფეტვისა და ყველის მასის შერევით მზადდება, თაშმიჯაბი - მდნარი ყველისა და კარტოფილისგან. სვანური დაფა 80 ლარი ღირს და მინიმუმ 4 პერსონაზეა გათვლილი. 

„განსაკუთრებით აინტერესებთ სვანური ტრადიციული კერძები - კუბდარი, ჭიშტვარი, ხაჭაპური. უშგულში რომ ამოდიან, უფრო მეტი მოლოდინი აქვთ, რომ ავთენტიკურ კერძებს მიირთმევენ ამიტომ ვცდილობთ, რომ შესაბამისი კერძები დავახვედროთ. სვანური კერძების გარდა, ქართული სამზარეულოში რაც შედის, ყველაფერს ვაკეთებთ. სასმელს რაც შეეხება, სახლში მომზადებული გაზირებული ხილის სასმელები გვაქვს, ალკოჰოლური სასმელიდან, თითქმის ყველაფერი გვაქვს - ლუდი, არაყი, ღვინო, ბარის სასმელები“, - ამბობს კაფე-ბარის მენეჯერი.

მისი თქმით წელს მენიუში მთავარი სიახლე ბურგერებია, სტანდარტულ ბურგერთან ერთად, სვანური ელემენტიც შეიტანეს და ბურგერს კუბდარის ხორცისგან ამზადებენ, რაზეც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა, რადგან უშგულში ჰამბურგერს მხოლოდ ისინი აკეთებენ.

ქეთევან ჩუბინიძე იხსენებს, რომ თავიდან მათი სტუმრების 90% უცხოელები იყვნენ, ახლა ქართველების რაოდენობამ მოიმატა და დაახლოებით 40% ქართველები არიან, 60% - უცხოელები. ფასებს რაც შეეხება, მისი თქმით, „კაფე-ბარ ენგურში“ პანდემიის შემდეგ ფასების მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა, თუმცა პროდუქციის გაძვირება, მათი კერძების ფასებზე მაინც აისახა.