უძრავ ქონებაზე ისრაელიდან მოთხოვნა გაორმაგდა - ამის შესახებ “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი BMG-სთან უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, საქართველო სტაბილური და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს იმიჯს ინარჩუნებს, რაც გაყიდვების მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება.
"როგორც მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. ამ მხრივ, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა უცხოეთიდან უფრო გაიზარდა. მაგალითისთვის, „არქის“ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ისრაელიდან ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაორმაგდა ", - ამბობს "არქის" გენერალური დირექტორი BMG-სთან.
მისივე განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, არამედ ჩამოყალიბებული ტენდენციაა, რომელიც ციფრებშიც აისახება.
"ჩვენ შემთხვევაში, ისრაელის მოსახლეობის წილი გაყიდვებში 20%-ია, თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 40%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ეს არ არის ერთი-ორი შემთხვევა - საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა".
ისრაელის გარდა, საქართველოთი აქტიურად ინტერესდებიან ყურის ქვეყნების წარმომადგენლებიც. შიო ხეცურიანი აღნიშნავს, რომ უცხოური საბროკერო კომპანიები თავად ცდილობენ ქართულ მხარესთან კავშირის დამყარებას.
"ახლო აღმოსავლეთიდან სხვადასხვა საბროკერო კომპანიები უკვე პროაქტიურად გვეხმიანებიან და თვითონვე ცდილობენ დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობა ჩვენთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენთან არის მშვიდობა, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, საქართველოს უძრავ ქონებაზე ინტერესი პოზიტიურია. ხედავენ შესაძლებლობას, რომ შეუძლიათ ინვესტირება და შემოსავლის მიღება ჩვენს ქვეყანაში" , - განმარტავს შიო ხეცურიანი.
რაც შეეხება მოსალოდნელ ფასთა ცვლილებას უძრავი ქონების ბაზარზე, “არქის” გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ფასების ფორმირებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მშენებლობის თვითღირებულება და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი.
"ბაზარი, რა თქმა უნდა, მიწოდება-მოთხოვნის შესაბამისობას ასახავს. ლოგიკურია, თუ მოთხოვნა გაიზრდება, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ თვითღირებულება მუდმივად იზრდება, უახლოეს მომავალში ფასებიც მოიმატებს.
[თუ რამდენად] გაჭირდება ზუსტი პროცენტის თქმა. ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება მოთხოვნის ზრდა და როგორი იქნება მიწოდება. თუმცა, დღევანდელი მაჩვენებლით, მოთხოვნა აშკარად აჭარბებს მიწოდებას. აგრეთვე ფაქტია, რომ თვითღირებულება მუდმივად იზრდება და ამ პერიოდშიც გარკვეული ზრდა იყო თვითღირებულებაში" - ამბობს შიო ხეცურიანი.