საქართველოში Apple-ის პროდუქციის გადამყიდველი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა. შპს „აიპლიუსის“, შპს „აისითის“ (Apple City), შპს „აიტექნიკის“, შპს „ეიესბისის“ (iSpace • აისფეისი) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში „ეფლის“ პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია საკუთარი სავაჭრო ობიექტების ქსელის მეშვეობით.
ოთხივე წარმოდგენილი კომპანია Apple-ის ავტორიზებული „რესელერია“. iPlus -ს კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, თუმცა ბოლო წლებში საშუალოდ ყველაზე მცირე ზრდის ტემპი ჰქონდა, 2021 წლის განმავლობაში, iPlus-ის ბრუნვამ ₾58 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც წარმოდგენილი კონკურენტების შემოსავლები ₾25-₾37 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, iPlus-ი 2018-2021 წლებში საშუალოდ 19.8%-ით იზრდებოდა.
iSpace-ი კი, რომელიც ბაზარზე მხოლოდ 2018 წლიდან გამოჩნდა, მალევე დაეწია iTechnics-ს, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს. სექტორში მონაწილე კომპანიების საერთო მოგების მარჟები ერთმანეთის მსგავსია და 12%-15%-ის ფარგლებში მერყეობს.
Finspot-ის ინფორმაციით, საოპერაციო ხარჯების წილი მთლიან შემოსავალში 7%-13%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების ძირითადი შემადგენილი ნაწილი თანამშრომელთა ხელფასები და იჯარაა. საოპერაციო მოგების მარჟის კუთხით, iPlus და iTechnics ლიდერობენ. „აიტექნიკი“ მაღალი საოპერაციო მოგების მარჟის მიღწევას მაღალი gross margin-ით ახერხებს, „აიპლიუსი“ კი საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით. კომპანიები შედარებით დაბალი ლევერიჯით გამოირჩევიან და საბანკო სესხების საჭიროება ძირითადად საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად აქვთ.
შპს „აიპლიუსი“-ს მფლობელი რამაზ შეყილაძეა (100%). შპს „აისითის“ მფლობელები: ნინო ტოპეშაშვილი - 28%, შალვა შენგელიძე - 24%, ბაჩანა ბიბილაშვილი - 16%, ალექსანდრე რევაზიშვილი - 16%, ვლადიმერ ძურძუკი - 16%. შპს „აიტექნიკის“ მფლობელი გვანცა მიქუჭაძეა (100%), შპს „ეიესბისის“ მფლობელია ASBISC, Entreprises PLC: (100%) საერთაშორისო კომპანია, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების დისტრიბუციას ახდენს 30-ზე მეტ ქვეყანაში - ძირითადად EMEA რეგიონში.