თანაგადახდის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაანონსებული სიახლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტებს თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს შეეხება ქირურგული ოპრაციებისთვის საჭირო სახარჯ მასალებს, პალატის თუ ექიმის დაქირავებას, ასევე ისეთი დამხმარე საშუალებების შერჩევას, როგორიცაა  პროთეზი, თვალის ბროლი  და სხვა.  ჯერჯერობით უცნობია იმ მომსახურებების სია, რომლებზეც ეს სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება. თუმცა ცნობილია, რომ ცვლილებები თანდათანობით ყველა სერვისზე გავრცელდება. დეტალები საბოლოო სახით უკვე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, ახლო მომავალში  გაიწერება.

დღეს არსებული სისტემით, თუკი მოქალაქეს სურვილი აქვს, საყოველთაო ჯანდაცვის  ფარგლებში დამატებითი სერვისი მიიღოს - მაგალითად, თავად აირჩიოს ექიმი ან მოითხოვოს ისეთი მასალა, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს,  მას უწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გამოსვლა და ოპერაციის მთლიანი ღირებულების საკუთარი ჯიბიდან დაფარვა. ცვლილებების მიხედვით კი პაციენტები მხოლოდ მათ მიერ არჩეული, კონკრეტული სერვისების ან მასალის თანხას გადაიხდიან, დანარჩენ ხარჯებს კი საყოველთაო ჯანდაცვა დაფარავს.

მაია მახარაშვილის შეფასებით,  ერთის მხრივ, ეს ცვლილება ძალიან კარგია, რადგან პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს. მეორეს მხრივ კი, მისივე თქმით, ეს რომ არ გავრცელდეს ყველას მიმართ და ყველა შემთხვევაზე, ამას სჭირდება მეტი დეტალიზაცია და დაკონკრეტება. მისი ინფორმაციით, ახლა სექტორი სწორედ ამ საკითხებზე კონსულტაციის ეტაპზეა, რათა სამინისტროსთან ერთად პოზიციები შეჯერდეს.

ზოგადად კი, მისი შეფასებით, ეს ცვლილება შექმნის შესაძლებლობას, საშუალო შემოსავლის ადამინმაც შეძლოს გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისების დაფინანსება.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორი ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ ცვლილება პოზიტიურად აისახება ჰოსპიტლების შემოსავლებსა და სამედიცინო ბიზნესის განვითარებაზე.

„ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს არის რეინვესტირების მარჟები, რათა ჰოსპიტალი გადიოდეს იმ ფინანსურ დონეზე, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს ახალი ინვესტიციები, რათა განახორციელოს ახალი სერვისები, გადაატრენინგოს პერსონალი, შეიძინოს ახალი აპარატურა. ეს იქნება ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს ახალი სუნთქვის საშუალებას მისცემს და ამით დაბალანსდება ბევრი ხარვეზი, რაც ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით იყო,“ - აღნიშნა ირაკლი გოგოხიამ პირველ არხთან ინტერვიუში. 

jandacva.ge