საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში(GCCA), 2024 წლის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 890 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6350 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა - 70% ქალი და 30% მამაკაცი.
- ერთი წლის პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 56 მოვაჭრეს - 92 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 60 000 ლარი.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 193 საქმეზე - 163 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2024 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 3% და სხვა რეგიონები.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 317, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 253, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 147, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 47, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 37, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 35, ხოლო სხვა დანარჩენზე 54.
ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20“ – ნათქვამია ინფორმაციაში.