„მარწყვის იმპორტიორებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ შემოვიდნენ და, თუნდაც, დემპინგური ფასებით ადგილობრივი მწარმოებლების მარწყვის ფასი დააგდონ“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას მარწყვის ბიომეურნეობა „პლანტველის“ დამფუძნებელმა და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმპორტირებული მარწყვი ხშირად უხარისხოა და ფასიც დაბალი აქვს და ადგილობრივ მწარმოებლებს მათთან კონკურენციის გაწევა უჭირთ. ამ მიზეზით ძალიან ბევრმა ადგილობრივმა მწარმოებელმა მარწყვის წარმოება მიატოვა.
„ძალიან დიდია კონკურენცია შემოტანილ მარწყვთან. თან უხარისხო მარწყვი, თურქული პროდუქცია შემოდის, რომელიც, ძირითადად, კონტროლს არ ექვემდებარება. იქ სხვა პირობებით მოჰყავთ მარწყვი, სხვა ხარისხია, სხვა რეალობაა, იქ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ისეთი პროგრამებით ხდება, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს სხვა ფასი ჰქონდეთ. იმ პრეპარატების ფასი, რომელსაც იყენებენ, ისიც სხვა ფასისაა. საერთო ღირებულება, ხარჯი, ფერმერებს იქ სხვა გამოსდის და დამატებული ის, რომ არ კონტროლდება, რამდენად ხარისხიანია ის პრეპარატები, რომელსაც იქ გამოიყენებენ. მარწყვის იმპორტიორებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ შემოვიდნენ და თუნდაც დემპინგური ფასებით ადგილობრივი მწარმოებლების მარწყვის ფასი დააგდონ. ამ პერიოდში, სანამ მათ დაბალი ფასი აქვთ, ბევრი ჩვენი მწარმოებელი წყვეტს წარმოებას. ამ მიზეზით, წელს ძალიან ბევრმა ადგილობრივმა მწარმოებელმა მიატოვა მარწყვის წარმოება, რადგან დაბალ ფასიან მარწყვს ვერ გაუწია კონკურენცია“, - აცხადებს მარწყვის ბიომეურნეობა „პლანტველის“ დამფუძნებელი.
მანანა ანჯაფარიძის თქმით, გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივ ფერმერებს სახელმწიფომ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს, დახლებზე მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, სად წარმოებულ და როგორი ხარისხის მარწყვს ყიდულობს, „სეზონის პერიოდში შემოტანილი მარწყვის კვოტირება შემოიღონ, ან საბაჟო გადასახადი დაწესდეს, რადგან საქართველოში შემოსული თურქული პროდუქცია ბევრი შეღავათით სარგებლობს“.
„გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს მარწყვის სექტორის ადგილობრივ წარმომადგენლებს. ეს შეღავათიანი ფასი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი პროდუქცია ხარისხიანია. ხარისხის და ფასის კონტროლი რომ იყოს, ადგილობრივი მწარმოებელი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს შემოტანილ პროდუქციას. საჭიროა, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ბევრი პრობლემა დგას, რომელთა გადაჭრა ამ პრობლემას გადაწყვეტს და ქართველი ფერმერი აღარ იქნება ცუდ მდგომარეობაში უხარისხო და არაკონკურენტულ პროდუქციასთან მიმართებაში. ამას გარდა, მარკეტებში უნდა იყოს მითითებული - ქართულია, თუ შემოტანილი პროდუქტი. ზოგჯერ აწერია, რომ ქართულია, მაგრამ ტყუილია. ასოციაციაში გვაქვს ფაქტები, რომ რამდენიმე კომპანიას შემოაქვს თურქული მარწყვი და აწერენ, რომ არის ქართული. დახლზე უნდა ეწეროს მარწყვის წარმომავლობა და მერე მყიდველმა გადაწყვიტოს, რომელს იყიდის. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და არჩევანი - იყიდოს უხარისხო და იაფი თურქული, თუ ხარისხიანი და ქართული“, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.