ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო.

შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტის სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გადასცეს, რომელშიც ის ტრიბუნალის დაფუძნების თხოვნით გამოდის.

სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.

მედიის ცნობით, ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები, შეიძლება, 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცტრიბუნალის შექმნის ძირითადმა ჯგუფმა, რომელშიც შედის 40-მდე ქვეყანა, ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური და ევროპის საბჭო, ტექნიკურ პროექტზე მუშაობა დაასრულა.

პროექტი შედგება სამი მთავარი დოკუმენტისგან: უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ტრიბუნალის ფორმირების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, მისი წესდება და შეთანხმება ტრიბუნალის მართვის შესახებ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“.

„გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“ ეხება ტრიბუნალის მართვასა და დაფინანსებას. ზოგიერთ ქვეყანას შეეძლება, მას ხელი ავტომატურად მოაწეროს ევროპის საბჭოში თავისი წევრობის საფუძველზე, სხვებს კი დასჭირდებათ დოკუმენტის რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში.

1tv.ge