„იმას, რომ ჩვენ, დამსაქმებლები ვიღაცას ნაკლებს ვუხდით, ვინც მეტს იმსახურებს, ამას ვერ დავეთანხმები“,- ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღნიშნულით ის, ბოლო კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 600 ლარზე ნაკლები ხელფასი 142 ათას ადამიანს აქვს.
„როდესაც ქარხანა უშვებს პროდუქციას, მოგეხსენებათ, მის თვითღირებულებაში ჩადებულია ყველაფერი და მათ შორის, ანაზღაურება თანამშრომლების. ის პროდუქცია მიდის რეალიზაციაში საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. ცხადია, დამსაქმებელი იმაზე მეტს ვერ გადაიხდის, რაც გასცდება ამა თუ იმ მომსახურების ან პროდუქციის თვითღირებულებას. ამდენად, იმას, რომ ჩვენ, დამსაქმებლები ვიღაცას ნაკლებს ვუხდით, ვინც მეტს იმსახურებს, ამას ვერ დავეთანხმები. ვინაიდან, არსებობს თუნდაც, იმ მცირე პროცენტისთვის შესაფერისი სამუშაო და ეძებენ მაღალანაზღაურებად მენეჯერებს კომპანიების მფლობელები. ეს ფაქტია. ასევე, საშუალო ხელფასის მაძიებლებზეც დიდი მოთხოვნაა და მათ უნდათ მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირება.
რაც შეეხება 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს, შეიძლება სადმე ხელფასი იყოს 600 ლარზე ნაკლები, მაგრამ კვირაში არის 40-საათიანი სამუშაო, ამიტომ, შეიძლება ის ადამიანი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წევრებიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, მე არ ვიცნობ კომპანიას, რომელსაც თუ 40-საათიანი სამუშაო კვირა აქვს, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
ცნობისთვის, PMCG-ის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის (343 ათასი ადამიანის) თვიური შემოსავლები 2400 ლარზე მეტი იყო. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 326 ათასი დასაქმებულის ხელფასი 1200 ლარიდან 2399-ლარამდეა. 600-1199 ლარის ფარგლებშია 192 ათასი პირის ხელფასი, ხოლო 142 ათას ადამიანს ყოველთვიური ხელფასი 0-599 ლარის ფარგლებში აქვს.