დღეს საქართველო არის ტურიზმის განვითარების იმ ეტაპზე, როცა წლიდან წლამდე ჩვენი ქვეყანა მზარდ შედეგებს დებს, რაც აისახება ყოველწლიური დატვირთულობის პროცენტისა და შემოსავლების ზრდაზე, - აცხადებს მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.

როგორც გიორგი დოლიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, ყოველწლიურად როგორც შემოსავალი, ასევე, ვიზიტორების რიცხვი საშუალოდ 7%-დან 10%-მდე იზრდება, რაც საკმაოდ კარგი შედეგია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

„2025 წელი ზოგადად ტურიზმისთვის და პირადად ჩემთვისაც რეკორდული აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთულობა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე 92-95% გვქონდა. გარდა ამისა, საბედნიეროდ, ვახერხებთ, ფასები ყოველწლიურად გავზარდოთ - სასტუმრო ბიზნესი და ზოგადად, ბიზნესი, ორიენტირებულია მოგების ზრდასა და შემოსავლის მაქსიმიზაციაზე. ყოველწლიურად უნდა მოხერხდეს, რომ სასტუმრო ბიზნესში ფასები გაიზარდოს. მომავალ წელზე კიდევ უფრო დიდ იმედებს ვამყარებთ. ვფიქრობ, 2026 წლისთვის ქვეყნის დატვირთულობა 10%-ით გაიზრდება, საშუალოდ 10%-ით გაიზრდება ფასებიც“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

გიორგი დოლიძის ინფორმაციით, 2025 წელსაც საქართველოში ძირითადად, ტურისტები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდნენ: ისრაელი, მეზობელი ქვეყნები, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი.

მისივე განმარტებით, პირდაპირი ფრენების დამატების შედეგად გასამმაგებული და გაოთხმაგებული ვიზიტები იყო როგორც ჩინეთის მიმართულებიდან, ასევე, ევროპიდან.

„საქართველოს აქვს იმის რესურსი და პერსპექტივა, პირდაპირი ფრენების ხარჯზე უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტი მოიზიდოს. ასეთი ტურისტი ყოველთვის კომფორტს იქმნის და ამ კომფორტის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ პირდაპირი ფრენებია. მგონია, რომ ევროპელების რიცხვი, ფრენებზე დაფუძნებით, 2026 წელს გაცილებით ხელშესახები გახდება“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.