ჰიპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“ ფრანჩაიზით სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა.
როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, 28 აპრილს ერევნის შესასვლელში განთავსებულ ახალ სავაჭრო ცენტრ „მულტი მეჯიქ მოლში“ „გუდვილის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი გაიხსნა. სომხეთი, ყაზახეთის შემდეგ ამ მხრივ მეორე ქვეყანაა.
„სომხეთში ქართული გასტრონომია ძალიან პოპულარულია და ინტერესი ამ მიმართულებით დიდია.
„გუდვილის“ ფილიალი ერევანში წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, ქართული ტრადიციული კულინარიული კერძებით და ასევე პურ-ფუნთუშეულით.
გარდა საკუთარი წარმოებისა, „გუდვილი“, სომხეთში მომხმარებლებს სთავაზობს ქართული პროდუქტების ნაირსახეობას, როგორიცაა, ღვინო, თაფლი, ყველი და სხვა. სუპერმარკეტი მაქსიმალურად გაჯერებულია ქართული პროდუქციით, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი ბრენდებიც და ასევე ჩვენი იმპორტი, მაგალითად ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ იტალიურ ბრენდ Coop-თან, რომელიც წარმოდგენილია როგორც ყაზახეთში, ასევე სომხეთში,“- აღნიშნავენ „გუდვილში“.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტის დიზაინში მთავარი აქცენტი ქართულ ელემენტებზეა გაკეთებული. ინტერიერი გაფორმებულია თბილისის ხედებით, თაღებს კი თბილისური აივნების ორნამენტები ამშვენებს.
28 აპრილს სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტის გახსნას საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.
კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტის და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებასაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნესს იდეების შეთავაზებაა.