„გიუაანი მეღვინეობა“ დამსვენებლებს ივნისის დასაწყისიდან უკვე სასტუმროს მეორე შენობაშიც მასპინძლობს. ახალ შენობაში 2 კატეგორიის 8 ნომერია განთავსებული, 4 დელუქსი და 4 სიუპირიორი.

თითოეულ ნომერი 2 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ინგა ბუჩუკური „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი „ექსტრა ბედის“ დამატება. 

„ჩვენი ორივე შენობა დამოუკიდებელია, ერთმანეთთან შეხება არ აქვს. პირველ შენობაში 6 ნომერია. ახლა კი უკვე გვაქვს ახალი, 8-ნომრიანი შენობაც, რომელსაც ულამაზესი ინტერიერი და ეზო აქვს“, - აცხადებს ინგა ბუჩუკური.

ადგილზე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა, იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, კორპორაციული წვეულება თუ სხვა. სტუმრებს სასტუმროს სივრცის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავება შეუძლიათ. 

ასევე შესაძლებელია სასტუმროში აუზით სარგებლობა ნომრის დაჯავშნის გარეშე.

„ჩვენთან შესაძლებელია ცალკე აუზზე სტუმრობა, ხოლო თუ სტუმარი ნომერს იქირავებს, აუზის თანხა ღირებულებაში შედის. ასევე შესაძლებელია, რომ სტუმარი ადრე მოვიდეს და აუზით „ჩექ ინამდეც“ ისარგებლოს. თუნდაც ერთი ღამით დარჩენის შემთხვევაში, სტუმრებს აუზით სარგებლობა შეუძლიათ მეორე დღესაც, უბრალოდ საჭიროა ნომრიდან „ჩექ აუთის“ გაკეთება. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთან დასვენება საკმაოდ კარგ ფასად არის შესაძლებელი“, - აღნიშნავს ინგა ბუჩუკური. 

მისი თქმით, სასტუმროში უახლოეს პერიოდში რუმ სერვისის დამატება იგეგმება.