ლარის გამყარების ტრენდი ისევ შეიცვალა და ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო სამი დღეა გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება. დღევანდელი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ღირს, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი.
სავალუტო რყევები მნიშვნელოვან გავლენას ახდეს ექსპორტიორ კომპანიებზე. კურსის არასტაბილურობით ზარალდებიან ქართველი მეღვინეებიც, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ. კომპანია ,,იაგოს ღვინოს“ მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უფრო დიდი პრობლემა ლარის მნიშვნელოვანი გამყარებაა, ვიდრე გაუფასურება, თუმცა ზოგადად ბიზნესისთვის კურსის არასტაბილურობაა ყველაზე მტკივნეული.
„ბოლო პერიოდში ბიზნესს ბევრი პრობლემა შეექმნა, იყო პანდემია, შემდეგ ომი, თუმცა ეს პრობლემები ბევრმა, მათ შორის ჩვენმა ბიზნესმა გადალახა. ჩვენი გაყიდვები ქვეყნის გარეთ საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობითაც ვსარგებლობთ, პატარა მარნებს რომლებიც ქვევრის ნატურალურ ღვინოებს აწარმოებენ ექსპორტი გაგვეზარდა კიდეც, მაგრამ ლარის მერყევი კურსის გამო საქმიანობა გართულდა.
ღვინის ექსპორტიორებისთვის მთავარი პრობლემა დღეს ლარის კურსის არასტაბილურობა და მნიშვნელოვანი რყევაა. ნებისმიერი კურსი - მაღალი თუ დაბალი, მისაღები იქნებოდა და მარტივი პროგნოზირებადი, მაგრამ ასეთი რყევა ძალიან ცუდია.
კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება ხშირად სერიოზული დაბრკოლებაა უცხოურ ბაზრებზე ჩვენი პროდუქტის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ხშირად შეცვლილი კურსი მტკივნეულია ბაზრისთვის. გარდა ამისა, ტრანსპორტირებაც გაძვირდა, რაც ასევე პრობლემაა ექსპორტისთვის, მაგრამ ყველაფერს დავძლევთ, თუ გვეცოდინება, რომ ლარი დასტაბილურდება და წლის განმავლობაში ასე რადიკალურად არ შეიცვლება“,- ამბობს იაგო ბიტარიშვილი.