GCCA-ის ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის, სლავა ფეტელავას ინფორმაციით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, კერძოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო (შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირდება)), შპს „რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს „მიკადო ჯორჯია“ 848 276 ლარით დაჯარიმდნენ.
კერძოდ, მოკვლევის ფარგლებში სააგენტომ გამოიყენა მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა ჭარბი ფასების დადგენის ნაწილში, რომელიც არის ორსაფეხურიანი ტესტი და რომლის პირველ საფეხურზე - დგინდება აქვს თუ არა ადგილი სხვაობას (და თუ აქვს რამდენია ეს სხვაობა) რეალურად გაწეულ ხარჯებსა (,,ხარჯი პლუს მარჟა“) და დაწესებულ ფასს შორის (არის თუ არა ფასი ჭარბი). შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ფასი ჭარბია, გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც ორ ალტერნატივას მოიცავს. პირველი ალტერნატივის ფარგლებში უნდა ინახოს არის თუ არა ჭარბი ფასი არასამართლიანად მაღალი თავისთავად, ხოლო მეორე ალტერნატივის მიმართულებით უნდა შემოწმდეს საკვლევი ფასის დონე არის თუ არა არასამართლიანად მაღალი კონკურენტის ფასებთან მიმართებით.
სააგენტომ მოკვლევის ფარგლებში ამ ორსაფეხურიანი ტესტის პირველ ეტაპზე დაადგინა, რომ ,,ავტობაზრობის“ მიერ 2023 წელს 10 და 15 ლარიანი ტარიფების დადგენის მეშვეობით, ავტომობილების რეალიზაციის მიზნით გაწეულ საპარკინგე მომსახურებაზე არსებული ფასი იყო ჭარბი, ისევე როგორც ,,მიკადო ჯორჯიას“ მიერ იმავე წელს 5, 10 და 15 ლარიანი ტარიფების დადგენის მეშვეობით, ავტომობილების განბაჟების მიზნით გაწეულ საბაჟო-სატერმინალო მომსახურებაზე არსებული ფასები.
რაც შეეხება გამოსაყენებელი ტესტის მე-2 საფეხურის პირველ და მეორე ალტერნატივებს აქ სააგენტომ ორივე კომპნიის მიერ 2023 წელს დადგენილი ჭარბი ფასები არასამართლიანად მაღალ ფასებად მიიჩნია. საბოლოოდ, „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს „მიკადო ჯორჯია“ 848 276 ლარით დაჯარიმდნენ.
ორივე მათგანი GCCA-ის მიერ ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებად იქნა მიჩნეული, ერთიან ეკონომიკურ აგენტად და მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ამ კომპანიების მიმართ GCCA-მ დარღვევა დააფიქსირა ჭარბი ფასის ნაწილში. ჭარბი ფასი დარღვევას არ წარმოადგენს, თუ ის არ არის არასამართლიანი თავისთავად ან არასამართლიანი კონკურენტი კომპანიების ფასებთან მიმართებით. შესაძლებელია ფასი ჭარბი იყოს, მაგრამ მას გამამართლებელი გარემოებები ჰქონდეს, მაგალითად, ინვესტიციები და სხვა პირდაპირი ხარჯები, რომლებიც ამ ფასის სიჭარბეს ამართლებდეს. ამ შემთხვევაში, ეს გარემოება, არ დადგინდა რაც საკმარისი გარემოება იყო კანონდარღვევის დასამტკიცებლად.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, GCCA-ს გადაწყვეტილებამ მოკვლევის მეორე ეტაპიც გაიარა, რომლის მიხედვითაც ფასდება, არის თუ არა ფასი არასამართლიანად მაღალი კონკურენტი კომპანიების ფასებთან მიმართებით და იქაც დადგინდა, რომ შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ფასები იყო არასამართლიანად მაღალი“ - აღნიშნა სლავა ფეტელავამ რადიო კომერსანტის ეთერში.
მისივე თქმით, თავდაპირველად, ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართა, რაც რუსთავის ავტობაზრობაზე პარკირების გადასახადის გაუმართლებელი მატების გამო ავტოიმპორტიორების საჩივრებს მოჰყვა. მიუხედავად ასობით ხელმოწერით გამყარებული მოთხოვნისა, მხარეებმა ბაზრობის დირექციასთან ფასის შემცირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კომპანია შპს „მიკადო ჯორჯია“ კი მოკვლევის სუბიექტად საქართველოს კონკურენციისა მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გონივრული ეჭვის საფუძველზე განისაზღვრა.
„ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ GCCA-ს განცხადებით მომართა, რასაც მოჰყვა კონკრეტული ავტოიმპორტიორების (ორი) ერთობლივი საჩივარი. ისინი რუსთავის ავტობაზრობას პარკირებასთან დაკავშირებით უჩიოდნენ, ავტობაზრობამ მათ პარკირების საფასური რამდენჯერმე გაუძვირა. როგორც აღმოჩნდა, ავტოიმპორტიორებს რუსთავის ავტობაზრობასთან საუბარი ჰქონდათ და ითხოვდნენ არა ფასის სრულად შემცირებას, არამედ განახევრებას. საბოლოო ჯამში, მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ბაზრობის დირექციას 240 ავტოიმპორტიორის ხელმოწერა წარუდგინეს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მოკვლევის პირველ ეტაპზე გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ პროცესში უნდა ჩართულიყო შპს „მიკადო ჯორჯია“. მომართვა მხოლოდ რუსთავის ავტობაზრობასთან დაკავშირებით იყო, „მიკადო ჯორჯია“ კი მოკვლევის პერიოდში ჩაერთო, უშუალოდ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე“,- აღნიშნა GCCA-ის ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, სლავა ფეტელავამ.