საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, მოვაჭრე, ფასდაკლების გამოცხადების შემთხვევაში, ვალდებულია საქონელზე 3 განსხვავებული ფასი მიუთითოს: თავდაპირველი, ე.წ. რეფერენსირებული ფასი; ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი და ამჟამინდელი ფასი.

ახალი წესები გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ვაჭრობაში, მათ შორის, იმ შემთხვევებზეც, როდესაც პროდუქცია სოციალურ ქსელებში იყიდება. GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ოლიკო კობახიძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ამბობს, რომ ინიციატივის მიზანი ბაზარზე ფასების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრაა.

„GCCA-მ შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი საქონელსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის შესახებ რომლითაც ახალი სტანდარტი დამკვიდრდა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში ფასის მითითების მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტი მოვაჭრეებს ავალდებულებს კიდევ უფრო მეტად უზრუნველყონ ფასების გამჭვირვალობა. კერძოდ  სპეციალური შეთავაზებების, ფასდაკლების გამოცხადების შემთხვევაში მოვაჭრეებს გაუჩნდათ დამატებითი ვალდებულება, საქონელზე მიუთითონ სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული) საწყისი ფასი, აღნიშნულ საქონელზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი და ფასდაკლებული - ამჟამინდელი ფასი.

ონლაინ კომერცია გამონაკლისი არ არის; მაშინაც თუკი მოვაჭრე სოციალური ქსელების საშუალებით ვაჭრობს და ახორციელებს სპეციალურ შეთავაზებებს, ის ვალდებულია სამი ფასი მიუთითოს. მოვაჭრეს ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვის ნაწილში. ამასთან, თუკი სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, მომხმარებლების მომართვიანობის ანალიზის შედეგად, დარღვევების უდიდესი ნაწილი სწორედ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ფიქსირდება“,- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

მისივე ინფორმაციით, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობების ბალანსის დაცვის მიზნით, ახალ სტანდარტს გარკვეული გამონაკლისებიც ექნება.

„ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში ბალანსის დაცვის მიზნით, 3 ფასის მითითების აუცილებლობას აქვს გამონაკლისებიც.  კერძოდ, ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასის მითითების აუცილებლობა არ ვრცელდება მომსახურებაზე - როდესაც შეთავაზება ეხება არა საქონლის გაყიდვას, არამედ მომსახურების მიწოდებას; ფარმაცევტულ პროდუქტზე; ისეთ საქონელზე, რომელიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის ვადა აქვს და სურსათზე; ნავთობპროდუქტებსა და გაზპროდუქტებზე. პირობით ფასდაკლებებზე (ერთმანეთთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე) - როდესაც ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ სხვა საქონლის შეძენის შემთხვევაში, მათ შორის „იყიდე ერთი - მიიღე მეორე უფასოდ (1+1)“, იყიდე X და მიიღე Y ფასდაკლებით“ და სხვა მსგავსი შეთავაზებები; საქონელზე, რომლის საწყისი, ფასდაკლებამდე არსებული ფასი არ აღემატება 200 ლარს; განსაკუთრებული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ფასდაკლებებსა და ერთგულების პროგრამაზე. კერძოდ, ფასდაკლებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის კონკრეტული ჯგუფებისთვის (მაგ. ხანდაზმულები, სტუდენტები, შშმ პირები) და რომელიც არ ვრცელდება ფართო საზოგადოებაზე"- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ.