რითეილ ბაზრის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2023 წელს სექტორის მაჩვენებლები, 2022 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „გალერია თბილისის“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილმა  განუცხადა, რითეილ სექტორში გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და გამონაკლისი არც მიმდინარე წლის ზაფხული აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, რიგი სავაჭრო ცენტრების შემთხვევაში, გაყიდვების მაჩვენებელი 10-დან 15 პროცენტამდე გაიზარდა.

„გაყიდვებში ადგილობრივების გარდა, ქვეყანაში შემოსული უცხოელი ვიზიტორებიც აქტიურობდნენ და პროცენტულად მათი წილი, დაახლოებით, 20-დან 30%-მდე იყო.

რაც შეეხება დღიურ მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩვენს სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დღიური მაჩვენებელი 16 ათასს აჭარბებდა. ამ მონაცემით, ნაკადები დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს გაყიდვების მაჩვენებელზე არ ასახულა და პირიქით, გაყიდვებში როგორც უკვე გითხარით, ზრდა დაფიქსირდა, რასაც მსყიდველუნარიანი მომხმარებლის რაოდენობის ზრდას ვუკავშირებ. საკმაოდ მაღალია ქვითრის რაოდენობა ერთეული გაყიდვების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნინი ადუაშვილმა.

მისივე განმარტებით, დარგში დადებითი მოლოდინი აქვთ შემოდგომის სეზონთან მიმართებითაც და გაყიდვების 10-15%-იან ზრდას ელიან.

ცნობისთვის, ქვეყანაში რითეილ სექტორის განვითარების ფონზე, მზარდია მოთხოვნა სავაჭრო კომერციულ ფართებზეც. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მოლებში 22%-ით გაიზარდა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს, ასევე 22%-ით გაიზარდა კომერციული უძრავი ქონების ფასიც და საშუალოდ 21-22 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

business-partner.ge