2026 წლის პირველ ნახევარში FMCG-ის ბრენდულ ბაზარზე „დეილი ჯგუფი“ ლიდერობას ინარჩუნებდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ბრენდული ბაზრის შემოსავლებში „დეილი ჯგუფის“ წილმა 27.3% შეადგინა. მეორე ადგილზე „2 ნაბიჯია“ 20.3%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციაზე „ნიკორა“ 15.9%-იანი წილით.

თბილისში ლიდერი „2 ნაბიჯია“, რომლის საბაზრო წილმა 20.5% შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 19.1% იყო. მეორე ადგილზე „დეილი ჯგუფია“ 19.5%-იანი წილით, წინა წლის 19.2%-თან შედარებით.

რეგიონებში „დეილი ჯგუფი“ კვლავ დომინანტურ პოზიციას იკავებს და ბაზრის 37.6%-ს აკონტროლებს. თუმცა, მისი წილი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 40.8%-დან შემცირდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 13.1 მილიარდ ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებში დაფიქსირდა — 12.8%. არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12%-ით, სხვა ფორმატების კი 8.1%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილი 41.1%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 40.4% იყო.

ბრენდული ქსელების შემოსავლების 12.8%-იანი ზრდა ძირითადად უკვე არსებული მაღაზიების გაყიდვების მატებას უკავშირდება. არსებული ობიექტების გაყიდვების ზრდამ 10.3% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რაოდენობა 41 ობიექტით გაიზარდა.

ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისში, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა. ერთი ბრენდული მაღაზიის საშუალო შემოსავალმა თბილისში 1.4 მილიონი ლარი, რეგიონებში კი 1.1 მილიონი ლარი შეადგინა.