აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ FLY DUBAI-ს და Flynas ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ბათუმი დუბაის მიმართულებით რეისების დამატებისა და პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს განახორციელებს Flynas, 25 ივნისიდან დაემატება FLY DUBAI-ს რეისები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეისების დამატება.
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ.
1-4 მაისს დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანიის გვერდითაა წარმოდგენილი.