2 თვის წინ თბილისში ფირფიტების ახალი მაღაზია Pluto Record Shop-ი გაიხსნა, სადაც უკვე 1000-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებლის ფირფიტაა გაყიდვაში. როგორც „კომერსანტთან“ მუსიკალური ლეიბლ Pluto’s Plan-ისა და Pluto Record Shop-ის თანადამფუძნებელი ლაშა მარგიანი აცხადებს, საქართველოშიც და მსოფლიოშიც ფირფიტებისადმი ინტერესი გაიზარდა და ბოლო წლებში ფირფიტების გაყიდვებმა CD-ისას გადაუსწრო.

„კომერსანტი“ ლაშა მარგიანს Pluto’s Plan-ისა და Pluto Record Shop-ის, „ფირფიტების კულტურისა“ და მაღაზიის გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა მუსიკალური ლეიბლი Pluto’s Plan და ფირფიტების მაღაზია Pluto Record Shop- და რამ განაპირობა თქვენი ფირფიტებით დაინტერესება ?

ლაშა მარგიანი, Pluto’s Plan-ისა და Pluto Record Shop-ის თანადამფუძნებელი: მუსიკალური ლეიბლი 2020 წელს გავაკეთეთ და პირველი ფირფიტა გამოვუშვით. სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცა ის მუსიკა, რასაც ვწერდით (მე თვითონ მუსიკოსი ვარ). მეგობრები გვყავდა, ვინც მუსიკას წერდნენ და გვინდოდა, გავერთიანებულიყავით და ქართული ლეიბლი შეგვექმნა, რომელიც ხალხს ქართველი არტისტების ნამუშევრებს წარუდგენდა. მანამდე ძირითადად უცხოურ ლეიბლებთან ვაგზავნიდით მუსიკას და ისინი გამოსცემდნენ. მერე პანდემია დაიწყო და წელს გადავწყვიტეთ, ფიზიკური სივრცეც გაგვეხსნა და წინა წლიდან მოყოლებული, ვეძებდით ადგილს მაღაზიისთვის. დაახლოებით 2 თვის წინ სანაპიროზე, სათბურის ტერიტორიაზე ფირფიტების მაღაზია - Pluto Record Shop-ი გავხსენით. ლეიბლს Pluto’s Plan ჰქვია.

როგორია ტენდენცია, მსოფლიოში ფირფიტების კულტურა ბრუნდება?

მთელ მსოფლიოში გაზრდილია ტენდენცია. სულ ვნახულობ ხოლმე სტატიებს. ბოლო წლებში ფირფიტების გაყიდვებმა CD-ის გაყიდვებს გადაუსწრო. იგივე მოხდა, რაც 90-იან წლებში, როცა CD-ის გაყიდვებმა გადაუსწრო ფირფიტებისას. ახლა ისევ წამოვიდა ფირფიტების გაყიდვების ტენდენცია. თუმცა, მუსიკის გამოცემის და მაღაზიის გახსნისას, ჩვენი მოტივი ეს არ ყოფილა და ჩვენი სურვილი ამ ტენდენციას დაემთხვა.

მაღაზიის გახსნა კერძო ინვესტიციით განხორციელდა, თუ გყავდათ სპონსორი, ან ინვესტორი?

ყველაფერი - პირველი ჭანჭიკიდან ბოლომდე, კერძო ინვესტიციით, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. შიგნით სივრცე თავისი თაროებით, მაგიდები ჩვენ ავაწყვეთ. მეგობრებმა ფირფიტები მოგვცეს, ზოგმა - 100, ზოგმა - 200 ცალი. ეს კოლექციის შევსებაში დაგვეხმარა.

რა ჟანრის მუსიკა გაქვთ მაღაზიაში?

ძველი ფირფიტები ბევრი არ გვაქვს. ელექტრონულ მუსიკაზე ვართ კონცენტრირებული. პირველ ეტაპზე, ფირფიტების 90% ელექტრონული მუსიკაა. თუმცა, გვაქვს ძველი ფირფიტებიც, Funk, Disco და R&B ჟღერადობის მუსიკაც. მომავალში გვინდა გავფართოვდეთ და არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის არტისტების, არამედ ნებისმიერი კოლექციონერისა და მელომანისთვის საინტერესო მუსიკა გვქონდეს. ახლა დაახლოებით 1000 ფირფიტა გაქვს. უახლოეს პერიოდში კიდევ 500 დაგვემატება, თვის ბოლოს კიდევ - 500. დაახლოებით 2000-3000 ფირფიტაზე გვინდა ავიდეთ.

ჩვენს მაღაზიაში დგას ფირსაკრავები, ადგილზე შესაძლებელია მუსიკის არჩევა, მოსმენა, შეიძლება მთელი დღე და კვირა გაატაროს ადამიანმა მაღაზიაში და მოუსმინოს, თუნდაც, მთელ კოლექციას. მთავარი აზრი ჩვენი მაღაზიის ეს არის.

რა ღირს Pluto Record Shop-ში ფირფიტები?

ფირფიტების ფასი სხვადასხვაა, 5-ლარიანი ფირფიტაც გვაქვს და 250-ლარიანიც, საშუალო ფასი 40-50 ლარია. მომხმარებელს ყველაზე მეტად ცნობილი, მეინსტრიმ არტისტების მუსიკა აინტერესებთ, ყიდულობენ საკოლექციოდ ან სასაჩუქრედ მეგობრებისთვის, ან თავიანთი კოლექციებისთვის.

ფირსაკრავებიც ხომ არ გაქვთ გაყიდვაში?

ჯერ-ჯერობით ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ მომავალში გვინდა, დავამატოთ საშუალო დონის ბიუჯეტური ფირსაკრავები და აქსესუარები მელომანებისა და არტისტებისთვის.