დღეიდან შაქრის იმპორტზე გადასახადი წესდება. 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის იმპორტისას, 1 კგ შაქარი 40 თეთრის იმპორტის გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს. მთავრობის დადგენილება დღეიდან ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ განმარტავენ, რატომ მიიღეს გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება.
შაქრის იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადასახადის შემოღება პირდაპირპროპორციულად აისახება გასაყიდი შაქრის ღირებულების ზრდაზე, შესაბამისად მთავრობის მიერ შემოღებული გადასახადის გადახდა ისევ მომხმარებელს მოუწევს.
იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია, რომელიც შაქრის შემომტანი კომპანიების ათეულშია, „კომერსანტთან“ ამბობს, რომ იმპორტზე დროებითი გადასახადის შემოღება სარეალიზაციო შაქრის ფასს გაზრდის. ინდ. მეწარმე უჭირს კონკრეტული რიცხვის დასახელება, თუ რამდენით გაძვირდება საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციო შაქარი, თუმცა თემურ ფაცაციას გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით, 1 ტომარა შაქარი, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 23 ლარით გაიზრდება.
„იმპორტის გადასახადის შემოღებასთან ერთად, ფასი უნდა გავზარდო საქონელზე. საბოლოოდ, იმპორტიორები არაფერს ზედმეტს არ ვიხდით, ამის გადახდა ისევ მყიდველს მოუწევს, რადგან საქონელი გაძვირდება. თუ კილოგრამზე 40 თეთრი წესდება, ფასიც მინიმუმ ამ მოცულობით გაიზრდება. იმპორტიორი სახლიდან ხომ არ მოიტანს ამ ფულს? ამის გადამხდელი მარტო მომხმარებელია.
დღგ-ს ნაწილიც რომ გავითვალისწინოთ, 40 თეთრის 18% 7.2 თეთრი გამოდის, შესაბამისად კილოგრამზე 47 თეთრი. ამ მოცემულობით 1 ტომარა 23 ლარით ძვირდება. მარტივი არითმეტიკაა, დღეს აგარის შაქარი იყიდება 118 ლარად. მე რომ მიჯდება შაქარი 112 ლარი 3 ლარს ვამატებ და ვყიდი 115 ლარად. ახალი გადასახადის შედეგად პროდუქტი მიძვირდება 23 ლარით, შესაბამისად მეც 23 ლარით უნდა გავზარდო შაქრის ფასი“, - ამბობს თემურ ფაცაცია.
გარდა ამისა, იმპორტიორი შაქრის მაღალ მოთხოვნაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 130-140 ტონა შაქარს მოიხმარს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში შაქარი, ფქვილის, ზეთისა და მარილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 130-140 ტონა შაქრის წლიური მოხმარება მაღალი ნიშნულია, ამიტომ ვფიქრობ, ფასის ზრდა მნიშვნელოვნად არ შეამცირებს მის მოხმარებას“, - ამბობს იმპორტიორი.
2023 წლის პირველ 10 თვეში ქვეყანაში, შაქრის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან 113 114 ტონა შაქრის შესაძენად 76.7 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტის ღირებულება წლიურად 28.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა დაახლოებით 10 000 ტონით, რაც 9%-იან მატებას ნიშნავს. ბოლო 4 წელია ქვეყნისთვის სტაბილურად შაქრის მთავარი საიმპორტო ბაზარი ბრაზილიაა, ამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 48.2%-ი მოდის.