2023 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 13%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2023 წლის III კვარტალის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 15% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას. ინფორმაციას pmcg აქვეყნებს.
„სექტორებს შორის, 2023 წლის II კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას და/ან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას. ასევე, 2023 წლის III კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება.
ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან არცერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2023 წლის II კვარტალში“, - აღნიშნულია კვლევაში.
საერთო ჯამში, 2023 წლის II კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.
2023 წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 50.6 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 42.6, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 58.9 ქულაა.