2023 წლის მაისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA) თანამშრომლობით, FAO-მ ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარა კახეთსა და თბილისში. მოწვეულ ესპანელ ექსპერტ ხუან ოლივარესთან ერთად, FAO-ს ქართველი და უცხოელი აგრონომების გუნდმა, ნუშისა და ზეთისხილის სექტორები შეაფასა და მწარმოებლებს, სოფლის მეურნეობის წარმატებული პრაქტიკის, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარა.

ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული მასტერკლასები, საქართველოს ზეთისხილისა და ნუშის მწარმოებლებისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა. საგანმანათლებლო პროგრამა, მოიცავდა საკითხების ისეთ ფართო დიაპაზონს როგორებიცაა, ნუშისა და ზეთისხილის წარმოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციები სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სანერგე მასალები, მცენარის დაცვა, განაყოფიერება, ირიგაცია თუ ბაღების მართვა. საგანმანათლებლო პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ორგანული მეურნეობა იყო.

ზეთისხილისა და ნუშის მწარმოებლებისთვის გამართულ რამდენიმე სასწავლო სესიაში სულ 45-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.

FAO-ს ქართველი და უცხოელი აგრონომების გუნდი ასევე ეწვია ნუშისა და ზეთისხილის ბაღებს აღმოსავლეთ საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, მათ შეაფასეს წარმოების არსებული პრაქტიკა და შესაბამისი ტექნიკური რჩევები გაუზიარეს მწარმოებლებს. ასევე, აგრონომებმა, განსაზღვრეს ამ ორი სექტორის ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები.

„საქართველოში ზეთისხილისა და ნუშისთვის ხელსაყრელი პირობებია. შესაბამისად, ეს მიმართულებები სწრაფად ვითარდება და უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ეს უკვე ცხადია ნუშის სექტორთან მიმართებაში. რაც შეეხება ზეთისხილს – მისი წარმოება ჯერჯერობით ნაკლებად არის განვითარებული. თუმცა, პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად, ფერმერებმა უნდა გაიღრმაონ ცოდნა სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მიმართებაში, რადგან წარმოებული ნუშის გარკვეული ნაწილი ექსპორტისთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ ნუშისა და ზეთისხილის მიმართულებების განვითარებას საქართველოში, ევროკავშირთან ერთად“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.