ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება და ქართული თაფლი საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადება.
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმის მხარე, არაჩვეულებრივი ადგილია ბიო პროდუქციის წარმოებისთვის, რასაც ბუნებრივი რესურსები, მიკროკლიმატი და ეკოლოგიური გარემო უწყობს ხელს. ადგილობრივი კომპანია GEO NATURAL უკვე წლებია აგროეკოლოგიური სტანდარტის ნატურალურ თაფლს ამზადებს, რომელმაც ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა იმისათვის, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ორგანული ბაზრისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, საჭირო გახდა ბიო სერტიფიცირების პროცესის ინიცირება.
კომპანიის თანადამფუძნებელის გიორგი იაშვილის აზრით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, პრიორიტეტად ბიო წარმოების განვითარება უნდა აირჩიოს, რადგან აქვს რესურსი საერთაშორისო ნიშურ ბაზარზე მოთხოვნილი მოცულობები დააკმაყოფილოს და საშუალოდ 2-ჯერ მეტი შემოსავალიც მიიღოს. სწორედ ამიტომ, კომპანია „GEO NATURAL -მა აქცენტი ბიო წარმოებაზე გააკეთა და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, პროდუქციის ბიოსერტიფიცირების პროცესები დაიწყო.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონში წარმოებული თაფლისთვის ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობილივი მხარდაჭერა უფრო ფართოა და დახმარება მხოლოდ სერტიფიცირების სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. პარტნიორმა ბენეფიციარებმა წარმოების განვიტარებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვა მოახერხეს, შეისწვლეს ბიო პროდუქტების დამზადების განახლებული წესები და გაიდლაინები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, მიიღეს მარკეტინგული მხარდაჭერა და სწავლებები, აგრეთვე ექსპერტის აგენტის დახმარება და როგორც ცნობილია მომავალშიც იგეგმება პროდუქტის შეფუთვის რედიზაინი, საერთაშორისო ტრენდების შესაბამისად.
თაფლის მწარმოებლების თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერამ მათ საექსპორტო პოტენციალის და ამ პროცესის მართვის გამოცდილების შესაძლებლობა მისცა. პროდუქციის წარმატებული ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი როლი უჭირავს პროფესიულ კონსულტაციებს ექსპორტის მენეჯერის მხრიდან, რომლის კონსულტაციის მიღებასაც მცირე მეწარმეები თავიანთი სახსრებით აქამდე ვერ ახერხებდნენ.
დღეისათვის ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით, 7 მცირე და საშუალო საწარმო მყარი ნაბიჯებით და სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ მალე საქართველოში წარმოებულმა ორგანულმა და ბიო სერტიფიცირებულმა თაფლმა მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას საერთაშორისო ბაზარზე.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.