„თუ ამოქმედდა ახალი სასანქციო პაკეტი და თუ ეს პაკეტი შეეხო ბიზნეს წრეებს, კიდევ უფრო დამძიმდება როგორც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე დაზიანდება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ბიზნესმენმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა.
მანვე უპასუხა კითხვას, საერთაშორისო დონეზე, რას ნიშნავს მოცემულობა, როცა ევროპარლამენტი საქართველოში მსხვილი ბიზნესების დასანქცირების მოთხოვნით გამოდის. ჩუგოშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესები დაახლოებულები არიან ხელისუფლებასთან და აქ არ არის თავისუფალი ბიზნეს გარემო.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უკვე მიადგა მთავარი, რეპუტაციული ზიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ქვეყანაში ბიზნეს გარემო. მგონია, რომ საერთაშორისო დემოკრატიული ქვეყნების ინვესტორებისთვის ეს უკვე ძალიან მძიმე მოცემულობაა და არ მგონია, რომ აქ ვინმემ ინვესტირება განიხილოს. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ პირდაპირი ინვესტიციები, პრაქტიკულად, არ შემოდის და სტატისტიკაში რასაც ვხედავთ, სულ რეინვესტირების თანხები გვაქვს. თუ კიდევ დამატებით მოხდა ახალი სასანქციო პაკეტის ამოქმედება და თუ ეს პაკეტი შეეხო ბიზნეს წრეებს, კიდევ უფრო დაამძიმებს როგორც საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, ისე ჩვენი, როგორც საერთაშორისო ბიზნესის კეთების ადგილის, საერთაშორისო რეპუტაცია დაზიანდება“, - ამბობს ბიზნესმენი.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, თუ სანქციების ქვეშ მოექცა ბიზნეს წრეები, გაუარესდება ბიზნესს გარემო და დემოკრატიული ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელი გახდება.
„ეს (ბიზნესების დასანქცირება) არის პირდაპირი სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ბიზნეს წრეები არიან მჭიდრო კავშირში ხელისუფლებასთან და ბიზნესი არ არის აქ თავისუფალი, რაც ავტომატურად იმ რისკებს, რაც ჩვენს ქვეყანას ისედაც აქვს, გეოგრაფიული მდებარეობიდან და რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, უფრო დაამძიმებს. შესაბამისად, აქამდე თუ რთული იყო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა დემოკრატიული ქვეყნებიდან, ახლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.
იმ პირების სიაში, ვის სანქცირებასაც ევროპარლამენტი მოითხოვს, ვხვდებით მსხვილი ქართული ბიზნესის მფლობელების სახელებსაც. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი