იპოთეკური სესხებით სარგებლობის გამარტივება სამშენებლო სექტორზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა ეს არ არის ისეთი ცვლილება, რომელიც მომხმარებელს უძრავი ქონების შეძენის სტიმულს მისცემს. - ასე აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას სამშენებლო კომპანია ,,არსის“ გენერალური დირექტორი. ბესიკ ორთოიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რამაც მისი აზრით იპოთეკური სესხების გაცემის გამარტივების გადაწყვეტილება გამოიწვია. ,,არსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს შემცირდა უძრავი ქონების რეალიზაცია, ასევე შემცირდა ბანკების მხრიდან გაცემული სესხების რაოდენობა და გაიზარდა სესხზე პროცენტი. ბესიკ ორთოიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღების დროს ამ სტატისტიკით იხელმძღვანელა.

,,რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენი სექტორიდან კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან არ ყოფილა. არც საბანკო სექტორიდან არ ყოფილა ამ საკითხზე კომუნიკაცია. ჩემი ვარაუდით, სტატისტიკურ ინფორმაციას შეხედეს და აქედან გამომდინარე, გარკვეული ანალიზი გააკეთეს. მიმდინარე წელს როგორც იპოთეკური სესხების და უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირებულია. უძრავი ქონების სტატისტიკას სამწუხაროდ ე.წ. ლაივ რეჟიმში ვერავინ ვერ ვხედავთ. საჯარო რეესტრის მონაცემები მაინც გარკვეულ უზუსტობას ასახავს, რადგან დროში აცდენა აქვს ბინების გაყიდვას. ეროვნული ბანკი ალბათ დააკვირდა იპოთეკურ სესხებს. როგორც წესი იპოთეკური სესხების შემცირება პირდაპირ იწვევს უძრავი ქონების რეალიზაციის შემცირებას. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია. ბოლო პერიოდში, იპოთეკურ სესხებზე პროცენტი გაიზარდა და მისი გაცემაც შემცირებულია. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ რაღაცნაირად წაეხალისებინათ იპოთეკურ სესხებზე პირობები.’’- აცხადებს ბესიკ ორთოიძე.

გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა. პროცენტული განაკვეთი კი გაიზარდა. ბანკების სიფრთხილეს ბესიკ ორთოიძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით ხსნის. არსებულმა ვითარებამ გავლენა მოახდინა მომხმარებელზეც, რომელიც არსებული რისკების გათვალისწინებით უძრავი ქონების სესხით შეძენას ერიდება.

,,განაკვეთი გაიზარდა იპოთეკურ სესხებზე. ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებლები ერიდებიან როგორც იპოთეკური სესხის აღებას, ასევე უძრავი ქონების ყიდვას. ერთია ეროვნული ბანკის რეგულაცია და მეორე ბანკების სიფრთხილე სესხის გაცემის მომენტში. ეს ყველა მიზეზია წინაპირობა იმისა თუ რატომ შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა. არ ვიცი რამდენად პასუხობს (მიღებული გადაწყვეტილება) დღეს არსებულ გამოწვევებს. რადგან ეს არ არის ისეთი ცვლილება, რომ (ცალსახად დადებით გავლენას მოახდენს. უარყოფითს ვერ მოახდენს) სტიმული მისცემს მომხმარებელს უძრავი ქონება შეიძინოს. ამას გვიჩვენებს მომავალი თვეები. უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ არაერთხელ გაგვიკრიტიკებია ეროვნული ბანკის ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომლითაც ართულებდა იპოთეკური სესხების გაცემის პროცესს და რეგულაციები მკაცრდებოდა. ამ შემთხვევაში გაამარტივეს და ზოგადად ეს მისასალმებელია, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება დღეს მსგავსი ტიპის ცვლილება, მაგას დრო გვიჩვენებს.’’- აცხადებს ბესიკ ორთოიძე.