სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები შედის. რეგულაცია შეეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად მისი საკუთრების ფორმისა. იმ შემთხვევაში თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმას თუ როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თუმცა აუცილებელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების დროული ინფორმირება, ვინაიდან მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების სრული დაცვა სწორედ ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ.

„ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაციის წარმოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ენერგოეფექტურობას. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება და სამშენებლო სექტორის ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, დაცული იქნება

რთულია თქმა, თუმცა როგორც ვიცი, 5-10%-მდე გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე, რომელიც მომხმარებლის გადასახდელი იქნება, მაგრამ მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელია, რომ გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.

1 ივლისიდან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.