აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან შეღავათი სთხოვა, თუმცა თეთრ სახლს ის მისთვის არ მიუნიჭებია.

ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.

"მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ, მაგრამ ითხოვა". - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი იმედოვნებდა, რომ აშშ-ს მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება უნგრეთზე არ გავრცელდებოდა. ორბანი ამის მიზეზად რუსულ ნავთობზე უნგრეთის დამოკიდებულებას ასახელებდა.

მანამდე, ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "შეცდომად" შეაფასა და თქვა, რომ ის აპირებს ტრამპთან ამ საკითხზე საუბარს.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.

"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს". – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

პარალელურად, 15 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, შეეხება. 

tabula.ge