ელექტროსისტემის ყოფილი დირექტორის, სულხან ზუმბურიძის მიერ დაფუძნებულმა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.
სულხან ზუმბურიძეს 2010 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიის, სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობა ეკავა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი დააფუძნა კომპანია „პარვუს ჯგუფი“, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო. მათ შორის 89% გამარტივებული და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული შესყიდვებიდან.
2019 წლიდან სულხან ზუმბურიძე შპს „პარვუს ჯგუფის” დირექტორი და 50% წილის მფლობელია, ხოლო დარჩენილ 50% წილს მამუკა პაპუაშვილი ფლობს. დაფუძნებიდან 2 თვეში, ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასზე 1 ლარით დაბალი ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა.
ყველაზე მსხვილი შესყიდვა, 10 მლნ-მდე ლარის ხელშეკრულება, „პარვუს ჯგუფმა” დაფუძნებიდან 1 წელში, სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების არგუმენტაციით, გამარტივებული შესყიდვის წესით, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” დაფუძნებული ა(ა)იპისგან, „ოუფენ ნეტისგან” მიიღო (SMP200002889; CMR200092744) - ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიამ ვალდებულად აიღო ოზურგეთში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ თანხის ნახევარზე მეტი, „ოუფენ ნეტიდან” ავანსად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში მიიღო. „პარვუს ჯგუფმა” ნაკისრი ვალდებულებების გადავადება 2-ჯერ ითხოვა, სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2021 წლის აპრილში დაასრულა, ვადაგადაცილების გამო კი პირგასამტეხლო, 77 ათას ლარამდე გადაიხადა.
ზუმბურიძის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „პარვუს ქონსთრაქშენმა”, რომლის 100% წილს შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს, დაფუძნებიდან დღემდე, გადაუდებელი აუცილებლობის და სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების არგუმენტაციით, უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვების გზით, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან 366,684 ლარი მიიღო.
შპს „პარვუს ქონსალთინგი”, რომლის 100% წილს შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს, დაფუძნებიდან დღემდე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების არგუმენტაციით, უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვის გზით, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან 60,000 ლარი მიიღო.
სულხან ზუმბურიძე შპს „ბლექ სი ენერჯის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, „სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი, მამუკა პაპუაშვილი კი ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. ამ შპს-ს 50% „კომპანია ბლექ სი გრუპი” ფლობს, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 530,923,480 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, მათ შორის 51% უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან. „ბლექ სი გრუპის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი კალანდაძის ბიზნესპარტნიორი კომპანია შპს „ძველ დედაქალაქში” არის ბექა ოდიშარია, „ქართული ოცნების” დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
სულხან ზუმბურიძე, 2005 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წევრის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ბიზნესპარტნიორია შპს „თიეიჩ ჯორჯიაში”, სადაც დავით სონღულაშვილის 49% წილს მართავს მისი ძმა, იოსებ სონღულაშვილი. იოსებ სონღულაშვილს „ქართული ოცნებისთვის” ჯამში 160,000 ლარი აქვს შეწირული.
სულხან ზუმბურიძის პარტნიორმა ა(ა)იპ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდში” დავით თვალაბეიშვილმა, 2013 წელს, 35,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”. დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა დროს იყო სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. დღეს იგი სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” მოქმედი გენერალური დირექტორია,”- ნათქვამია TI საქართველოს მიმოხილვაში.