სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა.

პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ რადგან წინასაახალწლო პერიოდში კიდევ უფრო მტკივნეულად აღსაქმელია რეალურად მომატებული ფასები, ხელისუფლება უბრალოდ, ისრების გადატანას ცდილობს.

„ეს საკითხი რომ მოკლედ შევაფასოთ, ასეთი სურათი გვაქვს: ფასების ზრდის მიზეზს ვიკვლევთ არასწორი ფორმით, ვავალებთ არასწორ ინსტიტუციას და ამ ყველაფერს ვაკეთებთ არასწორი მიდგომებით. აქედან გამომდინარე, არ გაგვიკვირდეს, რომ შედეგი არ იქნება. რაც შეეხება ფასების ზრდას, ფასების ზრდის დინამიკა რომ არსებობს, ეს ახალი არავისთვის არ არის. უცნაურია, რომ თურმე, ორი დღის გაიღვიძა პრემიერმა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში ფასები მაღალი ყოფილა“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ეკონომისტი იხსენებს, რომ მსგავსი საკითხი გარკვეული პერიოდის წინ ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც წამოსწია, რაც საბოლოო ჯამში, ასევე უშედეგოდ დასრულდა.

„ზოგადად ბიზნესის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მიიღოს მოგება და ეს მოგება იყოს რაც შეიძლება მაღალი. ეკონომიკურ, ბიზნესურ, სამართლებრივ ჭრილში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ პროცენტიან მოგებასა და მარჟაზე ვსაუბრობთ - თუ ეს მარჟები არ არის მიღწეული კანონდარღვევით, ბიზნესს უფლება აქვს, ეს მოგება მიიღოს. მეორე საკითხია, რამდენად მორალურ ჩარჩოებსა და სტანდარტებში ჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ სამართლებრივად თუ არ არის კანონდარღვევა, იმის თქმა, რატომ აქვს ამხელა მარჟა, მსუბუქად რომ ვთქვათ, სოციალისტური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ან კიდევ, გვყავს ჩვენ კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონით ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან. ჩნდება კითხვა, რომ თუ ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მივედით, რომ თუ 100%-იან ფასნამატებზე მუშაობენ კომპანიები კონკურენციის კანონდარღვევის ხარჯზე, სად იყვნენ, რას აკეთებდნენ?!“, - აღნიშნავს ეკონომისტი.