„ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში იქნება, ნიშნავს, რომ სამინისტროს ინტერესები უნდა გაატაროს,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს.

შეგახსენებთ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში იანვრიდან გადავა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ მახსენდება აქტიური ოპერირება ბიზნესომბუდსმენის სტრუქტურის, ამიტომ მგონია, რომ მისი გაუქმება დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ზოგადად მისი ფუნქციაა, რომ შუამავლის როლი შეასრულოს მთავრობასა და ბიზნესს შორის. ბოლო პერიოდში ბიზნესომბუდსმენი ინიშნებოდა პრემიერის მიერ, რაც ჩემთვის ასევე გაუგებარია, რადგან უნდა ინიშნებოდეს ბიზნესის მიერ, აქედან გამომდინარე უკვე ინტერესთა კონფლიქტში მოდის ეს ყველაფერი.

დღეს კი, როცა ის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადადის, ხდება მისი ტრანსფორმაცია. ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში იქნება, ნიშნავს, რომ სამინისტროს ინტერესები უნდა გაატაროს, ამიტომ გაუგებარია ეს ყველაფერი. პირდაპირ გვექნება კომუნიკაცია სამინისტროში თუ მასთან არსებული დეპარტამენტის შუამავლობით, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია,“ - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ამ ინსტიტუტის შედეგები არც აქამდე ჩანდა და ცვლილებებს არც ამის მერე ელოდება.

„ამ ინსტიტუტის რეალური შედეგები აქამდეც არ ჩანდა და მგონი, დიდ ცვლილებებს არც ამის მერე უნდა ველოდოთ. თავის დროზე რომ ემუშავა, შეგვეძლო უკუეფექტზე გველაპარაკა,“ - აცხადებს კახა ხაზარაძე.

www.bpn.ge