საქართველოში ბოლო წლებში გაშენებული მაყვლის ბაღების დიდი ნაწილი გაჩეხეს ან მიატოვეს.
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, იზოლდა ქიტესაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ ბაღების გაჩეხის მიზეზი იყო ის, რომ ფერმერობის მსურველებმა შემდგომი რისკები თავიდანვე არ გათვალეს სწორად.
„მაყვლის ბაღების გაჩეხის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ გააშენეს ადამიანებმა, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ რა იყო მიწა. ეგონათ რომ დარგავდნენ, მაყვალი კი არა, ფული უნდა ეკრიფათ. წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ უნდა მოევლოთ და არც იმაზე, რომ მოვლა საჭირო იყო. არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა გაშენებულ ბაღში აღარ შედიოდნენ, იმიტომ რომ აღმოაჩინეს, მოვლა არ იყო მარტივი საქმე. უბრალოდ ვერ მოუარეს.
ამას ემატებოდა ობიექტური ფაქტორები, რომ ზოგან უბრალოდ, არ იყო სარწყავი წყალი. შედეგი ისაა, რომ ვერ მივიღეთ პროდუქცია და დარჩა ძალიან ცოტა ბაღი. შედეგად, ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად, ბაღების 80% გაჩეხეს ან მიატოვეს", - ამბობს ქიტესაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.