დამწყები და მცირე ბიზნესმენები ფინანსური რესურსის მიღების მიზნით ხშირად ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომლებიც მათ სესხებს ძირითადად მაღალ პროცენტში უმტკიცებენ. მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პრობლემას აწყდებიან, როდესაც მათ საფინანსო ინსტიტუტები სესხის უზრუნველყოფას ან თანამონაწილეობას სთხოვენ, რისი რესურსიც მცირე მეწარმეს ან ბიზნესის დამწყებს შესაძლოა არ ჰქონდეს. რატომ არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები ძვირი და რატომ უჭირთ მათ დამწყები ბიზნესმენების დაფინანსება? საკითხზე ,,კომერსანტი’’ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს სალომე მოისწრაფიშვილს ესაუბრა.
,,თუ კი უკვე შემდგარი და წარმატებული ბიზნესი არ ხარ პროდუქტის ფასი მაღალია. ეს პრობლემაა. ამას იწვევს ის გარემოება, რომ ჩვენთან ბიზნესი არასტაბილურია და რისკიანია. ბანკი პროცენტზე ამ ფასს იმიტომ წერს, რომ ხედავს მეწარმეს შეიძლება არ ჰქონდეს ბიზნეს უნარ-ჩვევები. უფრო რისკიანად აფასებს მას, როგორც კლიენტს და რა თქმა უნდა ფასსაც უწევს, რომ რისკები გადააზღვიოს. ეს ბარიერია მეორე მხარისთვის, რადგან ძალიან ძვირია მისთვის. თუმცა, არის საშუალება (თუ კი ინდმეწარმე და დამწყები არის) ასევე პრაქტიკის, რომ არ აიღოს ბიზნეს სესხი და სხვა პატარა კაპიტალით დაიწყოს. ამის შემდეგ წავიდეს ბიზნეს სესხზე. ეს არაკლასიკური სცენარია.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.
ბანკები სესხებზე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის დროს რისკებს განსაზღვრავენ. ასევე აფასებენ კლიენტის რესურსებსა და ითვალისწინებენ ბიზნესის საქმიანობის სფეროს.
,,ბიზნესი შეიძლება იყოს ისეთ სეგმენტში, რომელიც ნაკლებ რისკიანია. სუბიექტი შეიძლება ისეთ საქმიანობას ეწეოდეს, რომ მაღალი რისკის იყოს. მაგალითად, ვენახის შემთხვევაში ის შეიძლება დაისეტყვოს და ადამიანს თუ არ აქვს აგროდაზღვევა ეს უფრო რისკიანი, ვიდრე ის, რომელიც სასტუმრო ბიზნესს ფლობს.’’- განმარტავს სალომე მოისწრაფიშვილი.
გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ვკითხეთ, რამ შეიძლება ბიზნესს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება გამოიწვიოს. სალომე მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ბანკების საქმიანობაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. პრობლემის მოსაგვარებლად კი საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ბიზნესს საქმიანობაში რისკების შემცირებას გამოიწვევს. ამას კი ბანკების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვება და საპროცენტო განაკვეთები დაიწევს.
,,სახელმწიფო არც ერთ საქმიანობაში უხეშად არ უნდა ჩაერიოს, ამიტომ გამოსავალი ვერ იქნება, რომ სახელმწიფომ რამე უკარნახოს ბანკს. არის ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი და ამის ფარგლებში საქმიანობენ ბანკები. ჩარევა არ უშველის. არის სუბსიდირებული პროექტები, სადაც თანამონაწილეობაში შემოდის სახელმწიფო სააგენტო ან გარანტიას იძლევა. ასეთი მექანიზმები უფრო მიზანშეწონილია. უფრო წინ თუ გავიხედავთ და იდეალურ სურათს დავხატავთ, საჭიროა სტაბილურობა, განსაკუთრებით რეგიონში. ასევე ინფრასტრუქტურა და დაზღვევის პროდუქტები ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ რაღაც სექტორები ნაკლებად რისკიანი იყოს. ასევე, რა თქმა უნდა ეკონომიკური ზრდაა საჭირო. თუ კი იქნება შესაბამისი სერვისები და ინფრასტრუქტურა ბიზნესი უფრო წარმატებული იქნება და შესაბამისად მას ნაკლებ რისკიანად შეაფასებს ბანკი. პროცენტიც თავის თავად სხვანაირად გადანაწილდება. ასევე საჭიროა ცოდნა და უნარ-ჩვევები. ბიზნესი ჩვეულებრივი სამსახურია. ადამიანი უნდა იცოდეს როგორ აკეთოს ის. რისკები წინასწარ და სწორად რომ აღრიცხოს და გათვალოს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ინფრასტრუქტურა და სიტუაცია იყოს ისე აწყობილი, რომ ბიზნესი თავისით განვითარდეს.’’- აცხადებს სალომე მოისწრაფიშვილი.