DG Systems-ის ინოვაციური სტარტაპი სათბურში მოყვანილი პროდუქტის მოსავლიანობას 2-ჯერ ზრდის, მასზე დანახარჯები კი კონკურენტ სისტემებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია, - ამის შესახებ „კომერსანტს“ DG Systems-ის („და ვინჩის მწვანე სისტემები“) დამფუძნებელმა თორნიკე მჟავანაძემ განუცხადა.

თორნიკე მჟავანაძე სოფლის მეურნეობით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და აღმოჩნდა, რომ ეს სფერო საკმაოდ რთული და ინვესტიციატევადი ბიზნესია, ის ტექნოლოგიები კი, რომელიც პროდუქტის მოსავლიანობის ზრდას უწყობს ხელს - ძალიან ძვირი. ამიტომ, გადაწყვიტა, თავად შეექმნა სივრცის დამზოგავი დინამიკური სისტემა, რომელიც მოსავლის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობდა ხელს.

„ამჟამად, ტრადიციულ სასათბურე მეურნეობაში, 50% უჭირავს იმ ფართს, სადაც პროდუქტი მოჰყავთ, 50% - ტექნიკური დანიშნულებისთვის - სავალი ნაწილი მექანიზაციისთვისა და დამხმარე მუშახელისთვისაა. ჩვენი დინამიკური სისტემების სივრცის დამზოგავი ტექნოლოგია იმის საშუალებას იძლევა, რომ სათბურის ფართი 100%-ით სასარგებლოდ დავტვირთოთ და საჭიროების შემთხვევაში გაჩნდეს ის სავალი ნაწილი, რაც ტექნიკას და მუშახელს სჭირდება.

რამდენიმე წლის წინ ასეთი სისტემის მოდელი დავამზადე, აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა, ვიდრე ის სისტემა, რომლის შეძენაზეც ვოცნებობდი. შემდეგ მირჩიეს, რომ საავტორო უფლებებზე მეფიქრა. 2 განაცხადი შევიტანეთ, რადგან 2 გამოგონება გვაქვს. ეროვნულ დონეზე დამტკიცდა ამ სისტემების უნიკალურობა, 10-მდე პატენტი დაგვიპირისპირდა, მათ შორის NASA-ს და მასკების ოჯახის საკუთრებაში მყოფები, მაგრამ ეს დაპირისპირება დავძლიეთ,“ - აცხადებს თორნიკე მჟავანაძე.

DG Systems-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ მსოფლიოში მსგავსი უნიკალური დანიშნულების 4 სისტემა არსებობს და აქედან 2  ქართულია და მათ სისტემას კომერციული მიმზიდველობაც აქვს.

„მსგავს დატვირთვებზე მუშაობა არც ერთ კონკურენტს არ შეუძლია და თვითღირებულების კუთხითაც ბევრად მომგებიანია საინვესტიციოდ. თუ დღემდე არსებული საუკეთესო დინამიკური სისტემების ინსტალაცია დაახლოებით მილიონ ნახევარი ევროს დაბანდებას საჭიროებს, ჩვენს სისტემაზე დანახარჯი ჰექტარზე მაქსიმუმ 500 000 დოლარია, ანუ 3-ჯერ ნაკლები ინვესტიციით მივიღებთ უკეთეს შესაძლებლობებს აგრობიზნესის წარმოებისთვის“, - აცხადებს თორნიკე მჟავანაძე.

მისი თქმით, მათი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ DG Systems-ის დინამიკური სისტემები შეიძლება დაინსტალირდეს ნებისმიერ, მათ შორის ღია სივრცეშიც.

„ზოგ აღმოსავლეთ აზიის და ოკეანიის ქვეყნებში - კორეაში, იაპონიაში, სადაც თავისუფალი მიწის დეფიციტია, შეგვიძლია ღია სივრცეშიც დავაინსტალიროთ ჩვენი სისტემები, უბრალოდ სათბური გაცილებით მაღალ პროდუქტიულია“, - ამბობს DG Systems-ის დამფუძნებელი.

თორნიკე მჟავანაძის თქმით, „და ვინჩის მწვანე სისტემები“ დინამიკური სისტემების მესამე პროტოტიპზე მუშაობს. ერთი აქსელერაცია უკვე გაიარა, ამჟამად კიდევ 2-ს გადიან Green Tech-ის მიმართულებით საქართველოში და ერთს - ევროკავშირში. მესამე პროტოტიპის დასრულების შემდეგ, DG Systems-ი შოურუმების მოწყობას გეგმავს საქართველოში, ევროკავშირსა და აშშ-ში და ინოვაციური პროდუქტი ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

რაც შეეხება მის საბაზრო ფასს, თორნიკე მჟავანაძის თქმით, კვადრატულ მეტრზე დინამიკური სისტემის მოწყობა 40-50 ამერიკული დოლარის ფარგლებში იქნება.