დეველოპერული სექტორი მზაობას აფიქსირებს, რომ ბანკებთან ხისტი მიდგომები შეიცვალოს, რათა კვლავ მოხერხდეს იპოთეკური სესხების გაცემა, რასაც ის შედეგი მოჰყვება, რომ სამშენებლო სექტორს შიდა განვადებების გაცემა აღარ მოუწევთ.

„ყველა ვთანხმდებით - სამშენებლო სექტორიც და საბანკო სექტორიც, რომ ასე გაგრძელება არასწორია, რადგან ბანკმა უნდა გასცეს სესხი, ხოლო დეველოპერმა ააშენოს და არ გადაიქცეს ფინანსურ ინსტიტუტად. ეს დროებით, მოკლე ვადიანი პერიოდით მისაღებია, ხანგრძლივად - არასწორი იქნება. არავინ აფიქსირებს დეველოპერული სექტორიდან, რომ სურს, ასეთი განვადებები ჰქონდეს, მით უმეტეს, ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. იმედია, ეროვნული ბანკის ჩართულობით ეს ნაწილი დარეგულირდება - ის ხისტი მიდგომები, რაც საბანკო სექტორის მიმართ აქვთ, უნდა შერბილდეს. შედეგად, ისევ უნდა განაახლონ იპოთეკური სესხების კარგი პირობებით შეთავაზება მომხმარებლებისთვის, ამის პარალელურად, დეველოპერებმა შიდა განვადებები უნდა ჩახსნან“, - აცხადებს „არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე.

მისივე თქმით, სამშენებლო სექტორისთვის 2025 წელი საკმაოდ სტაბილური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ სექტორს რამდენიმე თვიანი შეფერხება შეუქმნა.

„ვვარაუდობდით, რომ 2022-2023 წლის შემდეგ უნდა დასტაბილურებულიყო როგორც ხარჯვითი, ისე - გასაყიდი ფასის ნაწილი და სწორედ ამას ვხედავთ უკვე ბოლო 2 წელია. დაახლოებით იმ ზრდაზე დავედით, რაც ბუნებრივად ახასიათებდა ქართული უძრავი ქონების ბაზარს.

მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც წელს ვნახეთ, იყო, რომ იპოთეკური სესხები შედარებით შემცირდა, თუმცა ამან გავლენა არ მოახდინა ტრანზაქციებზე იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე საკმაოდ ბევრმა კომპანიამ შიდა განვადება დანერგა“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.