საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მიმართ წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება. თანამედროვე ადამიანები პროფესიულ ცოდნას უფრო ხშირად სწორედ მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსების გავლით იღრმავებენ. ბაზარზე უამრავ ასეთ კურსს აღმოაჩენთ. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მეღვინეობა-მევენახეობის შემსწავლელი კურსები და ბაზარზე მრავალი კომპანია გაჩნდა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სერვისს სთავაზობს.
ღვინის სკოლა ,,ვინემო’’ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ღვინით და ამ ალკოჰოლური სასმლის კულტურით დაინტერესებულებს ცოდნის გაღრმავებას სთავაზობს. სკოლამ ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო. სკოლის დამფუძნებელი ანა გოდაბრელიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კურსის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. გაიზარდა ცოდნის გაღრმავების მსურველთა ასაკობრივი კატეგორიაც. მისი თქმით, თავდაპირველად კურსის შექმნა მიზნად ისახავდა ბოთლის ღვინის პოპულარიზაციას, რადგან იმ პერიოდში ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება დომინირებდა.
,,2009 წელს შევქმენით ღვინის სკოლა ,,ვინემო“, პირველები ვიყავით მაშინ. ძირითადი მიზანი ის იყო, რომ უფრო მეტი ცოდნა ჰქონოდა ამ მიმართულებით და უფრო ხშირად ბოთლის ღვინო გაესინჯათ. იმ დროს, მაინც უფრო ჩამოსასხმელი ღვინო იყიდებოდა. თავიდანვე იყო დაინტერესება, მაგრამ დაახლოებით 10-12 კაციანი 3 ჯგუფი დგებოდა წელიწადში. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯგუფში წევრების რაოდენობა 16-დან 20 კაცამდე მერყეობს. წელიწადში დაახლოებით 6-7 ჯგუფი დგება. დაინტერესებული პირები ასაკის მიხედვით არიან ახალგაზრდებიც და ასაკიანებიც, რომლებსაც აქვთ პატარა ვენახი და აქვთ სურვილი თავისი ღვინო დააყენონ, ან უბრალოდ სურვილი აქვთ ღვინის კულტურისა და შეფასების უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ.’’- აცხადებს ანა გოდაბრელიძე.
სკოლა დაინტერესებულ პირებს ორ კურსს სთავაზობს: ღვინის კულტურისა და დეგუსტაციის შემსწავლელ და მევენახეობა-მეღვინეობისა შემსწავლელს. პირველი იმ ცოდნის მიღებას გულისხმობს, რომელიც ადამიანს ღვინის შესაფასებლად სჭირდება. კურსის ფარგლებში მსმენელი ღვინის ისტორიას და გეოგრაფიასა, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს. ანა გოდაბრელიძე აცხადებს, რომ დეგუსტაციის შემსწავლელ კურსებზე მოთხოვნა უფრო მაღალია.
,,ვასწავლით თეთრი და წითელი ღვინოების არომატებს, ღვინის დაავადებებს, წარმომავლობას, პრევენციას. ასევე, საქართველოს მეღვინეობის რეგიონებს თავისი ადგილობრივი ჯიშების ღვინოებით. სინჯავენ უცხოურ ღვინოებს. საფრანგეთზე ცალკე გვაქვს მიძღვნილი სალექციო დრო, რადგან საფრანგეთში ეს კულტურა ძალიან არის განვითარებული. სასურველია, რომ მათ იცოდნენ, ბაზარზე როგორი ტიპის ღვინოებს უნდა გაუწიოს ქართულმა ღვინომ კონკურენცია. ვასინჯებთ სხვა ქვეყნების ღვინოებსაც. ცალკე ვასწავლით კერძებისა და ღვინის შეხამებას.
დეგუსტაციის შემსწავლელ კურსებზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც გასაკვირი არ არის. ბევრი ადამიანია ვისაც უნდა ღვინის ცოდნის კულტურა ჰქონდეს. მით უმეტეს, ჩვენ მეღვინეობის 8 000 წლის ისტორია გვაქვს. გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვამაყობთ ადამიანმა შეიძლება რამდენიმე ყურძნის ჯიშიც ვერ ჩამოთვალოს. ამიტომ, სასურველია ცოტა უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეს ქართველ მომხმარებელს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ანა გოდაბრელიძე.
ღვინის სკოლის კურსებით ინტერესდებიან ისინი, ვისაც თავისი პატარა მარანი აქვთ. ასევე, დიდი მარნები, რომლებსაც პერსონალის ცოდნის გაღრმავება და მათი გადამზადება სურთ. ღვინის მიმართ ცოდნას იღრმავებენ გიდებიც, რომლებიც ქართულ კულტურას უცხოელ ტურისტებს აცნობენ.