გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სურს უზრუნველყოს, რომ "დასავლეთი ნახევარსფერო" დარჩეს იმგვარად სტაბილური და "კარგად მართული", რომ თავიდან აიცილოს ან შეანელოს "მასობრივი მიგრაცია შეერთებულ შტატებში".

"გვსურს მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოკავშირეებს ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ამავდროულად აღვადგინოთ ევროპის ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და დასავლური იდენტობა", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპა და ომი უკრაინაში

"შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის რეკონსტრუქცია საომარი მოქმედებების შემდგომ, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო".

"თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპის ურთიერთობებში და რუსეთთან. მოკავშირეები თითქმის ყველა მაჩვენებლით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად სიღრმისეულადაა შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ის მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოქვეყნებულ სტრატეგიაში საუბარია უკრაინის ომის გავლენაზე ევროკავშირზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ "უკრაინის ომმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, საგარეო დამოკიდებულება".

აშშ და უკრაინა პროდუქტიულს უწოდებენ ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებას

"დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოში უდიდეს გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული გაზის გამოყენებით, რომლის მიღებაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ".

იქვე ვკითხულობთ, რომ "ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ".

"რომელთაგან ბევრი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს თელავს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპელების დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ გარდაიქმნება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამ საკითხს აშშ სტრატეგიულად მნიშვნელოვნად განიხილავს "იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან“.

დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ევროპა აშშ-სთვის რჩება სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად და აღნიშნულია, რომ „ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა".

ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ "ამ სულისკვეთების აღორძინებას".

"პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ ევროპას თავისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება“, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტში.

აზია

დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვით, ერთპიროვნულად პრეზიდენტმა ტრამპმა შეცვალა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში "ჩინეთთან დაკავშირებული მცდარი ამერიკული შეხედულებები".

"კერძოდ, ჩინეთისთვის ჩვენი ბაზრების გახსნით, ამერიკული ბიზნესის წახალისებით, ჩადონ ინვესტიცია ჩინეთში და წარმოების ჩინეთში გატანით, ჩვენ ხელს შევუწყობდით ჩინეთის შესვლას ე.წ. „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში“. ეს ასე არ მოხდა. ჩინეთი გამდიდრდა და გააძლიერა თავისი სიმდიდრისა და ძალაუფლების მნიშვნელოვანი უპირატესობისთვის გამოყენება. ამერიკული ელიტები - ორივე პოლიტიკური პარტიის ზედიზედ ოთხი ადმინისტრაციის განმავლობაში - ან ჩინეთის სტრატეგიის ნებაყოფლობით ხელშემწყობები იყვნენ, ან უარყოფდნენ ამას."

ახლო აღმოსავლეთი

დოკუმენტის თანახმად, აშშ ირანს განიხილავს რეგიონის მთავარ მადესტაბილიზირებენ ძალად, რომელიც მნიშვნელოვნად შესუსტდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელის ქმედებებისა და აშშ-ის 2025 წლის ივნისის ოპერაციის შემდეგ - როდესაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის ბირთვული პროგრამა.

აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა

დოკუმენტის თანახმად, კვლავ მწვავედ რჩება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, "მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული მოლაპარაკების წყალობით, უფრო ხანგრძლივი მშვიდობისკენ პროგრესი მიღწეულია".

აშშ პოტენციურ პრობლემად განიხილავს სირიას.

www.radiotavisupleba.ge