„დარგი ფაქტობრივად მოკვდა, მიწები აღარ იხვნება, ხორბლის დათესვას აღარავინ ფიქრობს“, - ამის შესახებ ფერმერმა ზურა ხიზანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ჩართვისას ხორბლის მწარმოებელთა პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წისქვილკომბინატებს ფერმერებთან შეთანხმების მიხედვით ხორბალი 70 თეთრად უნდა ჩაებარებინათ, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა, მიზეზად კი ხორბლის ხარისხის პრობლემა დასახელდა.
„წისქვილკომბინატებთან გვქონდა შეთანხმება, რომ 70 თეთრად უნდა ჩაებარებინათ ჩვენი ხორბალი. დაიწყეს ხორბლის მიღება და მერე თქვეს, რომ 100 ტონას მიიღებდნენ, შემდეგ ათასი მიზეზი მოიგონეს. თითქოს რაღაც არ ვარგოდა, ამბობდნენ, რომ წებოგვარა აქვს დაბალი და ხარისხთან დაკავშირებით, შეთანხმების შემდეგ გამოთქვეს პრეტენზიები. არ სურდათ ალბათ, ქართული ხორბლის მიღება.
მე მაინტერესებს, შარშან რომ ყიდულობდნენ წისქვილები ხორბალს, მინდორში ლაბორატორია ჰქონდათ ჩატანილი და ხორბლის ხარისხს ამოწმებდნენ იქ? როცა დადგა მომენტი, რომ უნდა ჩაებარებინათ, შემდეგ ათასი პრეტენზია გამოთქვეს“, - აღნიშნა ზურა ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ფერმერებს ხორბლისა და ქერის კვლავ მოყვანის სტიმული ჰქონდეთ.
„მე პირადად ვიყავი შესული ბატონ მინისტრთან და შევთავაზე ჩემი პოზიცია. გვქონდა საუბარი ამ თემაზე, რის შემდეგაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ფქვილი 200 ლარით დაიბეგრა, ნატეხი ხორბალი აღარ შემოვიდა, მაგრამ ჩვენ რაც დავაყენეთ იყო ის, რომ არ უნდა შემოსულიყო სიმინდი და ქერი, რადგან ჩვენი ხორბლის გაყიდვას ხელს შეუშლიდა. ფქვილის დასაბეგრად საკმარისი არ აღმოჩნდა 200 ლარი და უნდა მოემატებინათ 100 ლარით“, - განაცხადა ზურა ხიზანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი ფერმერებისთვის არსებული ფასი 43-45 თეთრი, არაფერს ნიშნავს, რადგან თავად მოყვანა დაახლოებით 70 თეთრი ჯდება.
„მე ძველი მოსავალიც დარჩენილი მაქვს და ახალიც მიყრია. ვერ ვყიდი ფასის გამო. კარგი, ვთქვათ გავყიდე 45 თეთრად, არ ვიცი ბანკის ვალი რით დავფარო, 365 000 ლარით მინუსში გავდივარ. ვფიქრობ, რომ მე ვეღარ დავთესავ და ასე ფიქრობს ყველა. დარგი მკვდარია ფაქტობრივად, რადგან მიწები ჯერ კიდევ არ არის მოხნული. თვე-ნახევრით ადრე უნდა მოიხნას მიწა, რათა მოსავალი მოვიდეს. ხორბლის თესვა იწყება ოქტომბრის 10-იდან და მთავრდება ნოემბრის 20-25-ში მაქსიმუმ. უკვე დროც აღარ რჩება იმის, რომ ხორბალი დაითესოს“, - განაცხადა ფერმერმა.