ინდოეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო – პაკისტანმა უპასუხა. 

ინდოეთის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო მოქმედების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაშმირის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები – სახელწოდებით “ოპერაცია სინდორი” – იყო პასუხი 22 აპრილის ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირში ტურისტებზე ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 25 ინდოელი და ერთი ნეპალის მოქალაქე დაიღუპა.

პაკისტანმა, რომელმაც უარყო რაიმე მონაწილეობა გასულ თვეში მომხდარ თავდასხმაში, დარტყმებს “გაუმართლებელი” უწოდა. პრემიერ-მინისტრმა შეიბზ შარიფმა თქვა, რომ “ამ აგრესიის საზიზღარი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება”.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიურ დაძაბულობას შეშფოთებით უყურებენ საერთაშორისო აქტორები. "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა 9 მაისს მხარეებს თავშეკავებისა და პირდაპირ დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდეს. 10 მაისს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ იშაქ დარს, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში ამერიკის მხრიდან დახმარება შეთავაზა.

აშშ-ის შუამავლობითა და ძალისხმევით დღეს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ტუმცა, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს კონფლიქტი ასე გაიყინება. 

Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის რამდენიმე საათის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ინდოეთის ქალაქ ჯამუზე დრონებით შეტევა მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ინდოელ და პაკისტანელ ოფიციალურ პირებს აღნიშნული ცნობების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სავარაუდო შეტევის ამსახველი ვიდეოებიც, რომლებშიც აფეთქებების ხმა ისმის.  ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივნის განცხადებით, პაკისტანმა ინდოეთის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივი ხლეისუფლების ინფორმაციით, ქამირში აფეთქებების ხმა გაისმა. პარალელურად, ინდოეთის დასავლეთ შტატ გუჯარათში, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ პაკისტანი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მრავალჯერ დაირღვა მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები „სათანადო პასუხს იძლევიან“ და მოუწოდა პაკისტანს, „აღმოფხვრას დარღვევები“.

ამავე დროს, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულა ტარარმა ბრლდებები უარყო.

„ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა გამორიცხულია. პაკისტანის ხალხი ინდოეთზე გამარჯვებას ზეიმობდა“, – განაცხადა მან.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის თქმით, პაკისტანის ტერიტორიაზე ინდოეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, რმაც „მეჩეთების განადგურება გამოიწვია“, რასაც ინდოეთში უარყოფენ.

შეჰბაზ შარიფმა განსაკუთრებით გამოყო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წვლილი კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში.

მსურს, გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტაში“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ყველას სასარგებლოდ“ გაფორმდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებს, მათ შორის, საუდის არაბეთს, თურქეთს, კატარს და ბრიტანეთს, ზავის მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის.

შარიფმა ისაუბრა ჩინეთის მხარდაჭერაზეც. მისი თქმით, „მადლობა ჩინელ ხალხს, რომლებიც ყოველთვის აქ იყვნენ, როცა პაკისტანს სჭირდებოდა“.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ მსოფლიოსა და საქართველოზე?

გეოპოლიტიკური რისკები

ინდოეთ-სპაკისტანის ურთიერთობა ისტორიულად დაძაბულია, განსაკუთრებით ქაშმირის საკითხის გარშემო. ორივე ქვეყანა ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი და კონფლიქტის ესკალაცია არამარტო სამხრეთ აზიაში, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.

კონფლიქტის გაღრმავებამ შეიძლება დააზიანოს მრავალმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ბრიქსის (BRICS) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ფარგლებში, სადაც ორივე ქვეყანა წევრია.

ეკონომიკური გავლენა

სამხედრო დაპირისპირება შეიძლება უარყოფითად აისახოს გლობალურ ბაზრებზე:

ენერგომატარებლების ფასები – ინდოეთი ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის იმპორტიორია. რეგიონში არასტაბილურობამ შესაძლოა ფასების მერყეობა გამოიწვიოს, რაც გავლენას მოახდენს გლობალურ ენერგომარკეტებზე.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია – ორივე ქვეყანა მსხვილი ექსპორტიორია მარცვლეულისა და სხვათა პროდუქციის, და სამხედრო ოპერაციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ექსპორტს.

მრეწველობა და ინვესტიციები – კონფლიქტმა შესაძლოა დააფრთხოს საერთაშორისო ინვესტორები, განსაკუთრებით ტექნოლოგიური და საწარმოო სექტორებში, რაც შეანელებს ინდოეთის ეკონომიკურ ზრდას და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზეც იქონიებს გავლენას

ჰუმანიტარული გამოწვევები

სავარაუდოა, რომ ქაშმირის რეგიონში მოსახლეობის გადაადგილება დაიწყება. ეს შექმნის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომლის მართვაც კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მოუწოდებენ ორივე მხარეს, დაიცვან სამოქალაქო პირების უსაფრთხოება და უზრუნველყონ დახმარების მიწოდება.

წყარო: toktv.ge  და AINews.ge